ახალი ამბები

აფეთქებისას დაშავებული 4 წლის ბავშვი დაიღუპა

16 იანვარი, 2019 • 4351
აფეთქებისას დაშავებული 4 წლის ბავშვი დაიღუპა

“იმედის” კლინიკის ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 4 წლის ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც ექიმმა თქვა, საავადმყოფოში შეყვანისას მისი მდგომარეობა უმძიმესი იყო.

როგორც “რუსთავი 2” ამბობს, აფეთქებისას დაღუპულთა შორის, სავარაუდოდ, არიან ბავშვის დედა და დეიდა.

იაშვილის კლინიკაში ამ დროისათვის [23:04] 6 ბავშვი იმყოფება, რომელთაგან შედარებით საყურადღებო დაზიანება აქვს ერთ ბავშვს, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. რაც შეეხება დანარჩენ ბავშვებს, მათ ნაწილს აღენიშნება ზედაპირული დაზიანებები, ნაწილ კი აქვს ემოციური სტრესი. დაზიანების არმქონე ბავშვები რამდენიმე საათში დატოვებენ კლინიკას. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს იაშვილის კლინიკის ექიმმა ივანე ჩხაიძემ მიაწოდა.

დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებას 20:30 საათზე ნგრევა მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქებამდე, დღის განმავლობაში, იგრძნობოდა გაზის სუნი, თუმცა გაზის კომპანიის წარმომადგენლებმა ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს. “ყაზტრანსგაზი” განცხადებას მომხდართან დაკავშირებით უახლოეს საათებში გაავრცელებს.

გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე ოთხს მიაღწია.

საცხოვრებელი კორპუსი ამ დროისათვის სრულად ევაკუირებულია. ტერიტორია პოლიციის ლენტებით არის შემოსაზღვრული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი