“ქალთა მოძრაობა” დიასახლისებზე ეკონომიკის მინისტრის განცხადებას აკრიტიკებს

“ქალთა მოძრაობა” ეკონომიკის მინისტრის გუშინდელ, 25 დეკემბრის განცხადებას პასუხობს. გიორგი ქობულიამ პარლამენტში კომიტეტთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ  „არიან დიასახლისები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ მუშაობა არ უნდათ”.

“ქალთა მოძრაობაში” აცხადებენ, რომ საქართველოში ქალების დიდი ნაწილი ანაზღაურებად შრომაში არ არის ჩაბმული, მაგრამ ამ რეალობის მიზეზი, ცხადია, სიზარმაცე არ არის და მიზეზები იმაზე მეტად კომპლექსური და მძიმეა, ვიდრე ეს  მინისტრს წარმოუდგენია:

“უახლესი მონაცემებით, ქალები, რომლებსაც მინისტრის აზრით „მუშაობა არ უნდათ“, კაცებთან შედარებით 3-ჯერ მეტ დროს უთმობენ არაანაზღაურებად საოჯახო საქმიანობას იმისდა მიუხედავად, დასაქმებულნი არიან თუ არა – საშუალოდ, ქალები საქართველოში კვირაში 45 საათს ხარჯავენ საოჯახო შრომაზე, რაც სრული განაკვეთით შრომის საათებს აღემატება.

დასაქმებული ქალები საშუალოდ 42 საათს უთმობენ საოჯახო შრომას – რაც მიუთითებს, რომ ისინი ორმაგ შრომით ტვირთს ატარებენ. იმ ქალების 49%, რომელიც აცხადებს, რომ არ მუშაობს, ამის მიზეზად საოჯახო ვალდებულებებს ასახელებს. ყველაზე მაღალი განსხვავება ქალისა და კაცის დასაქმების დონეებს შორის შეინიშნება 25-44 წლის ასაკში, რაც მიუთითებს, რომ საქართველოში ქალებს უჭირთ ბავშვის აღზრდისა და დასაქმების შეთავსება. 44 წლის შემდეგ ქალების დასაქმების დონე მატულობს (UN Women, CRRC 2018). საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობა და დეკრეტული შვებულება მთავარი საკითხებია გადასაწყვეტ პრობლემათა შორის”, – აცხადებენ “ქალთა მოძრაობაში”.

განცხადების ავტორებს აინტერესებთ, რატომ არ საუბრობს სახელმწფო იმის შესახებ, რომ საქართველოში ყოველი მეხუთე ქალი, რომელიც ამბობს, რომ არ მუშაობს, აცხადებს, რომ ქმარი არ აძლევს მუშაობის უფლებას:

“გიორგი ქობულიას ასევე შევახსენებთ, რომ საქართველოში ანაზღაურებადი სამსახური ქალებისათვის, ხშირ შემთხვევაში, დისკრიმინაციული და მტრულია. ყოველი მეხუთე ქალი სექსუალური შევიწროების მსხვერპლია (ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა, 2017), ხოლო დასაქმებული ქალები 41%-ით ნაკლებ შემოსავალს გამოიმუშავებენ, ვიდრე კაცები (UN Women, CRRC). სინამდვილეში ამ ქალების ერთ-ერთი ძირითადი დემოტივატორი არასაკმარისი ანაზღაურებაა” –  წერია განცხადებაში.

“ქალთა მოძრაობაში” ასევე აღნიშნავენ, რომ დაბალხელფასიანი სამსახურების შემთხვევაში ქალებს ორმაგ, სრულგანაკვეთიან პირობებში უწევთ ცხოვრება და მუშაობა.

“ამ რეალობის ფონზე, როდესაც ეკონომიკის მინისტრი ეკონომიკურად არააქტიური ქალების საშინაო საქმეში გამოკეტვას პერსონალურ პასუხისმგებლობად და, უფრო მეტიც, სიზარმაცედ განიხილავს, სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფოს უცოდინრობა და ხედვის არქონა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით”, – წერია განცხადებაში.

“ქალთა მოძრაობა” მოუწოდებს ეკონომიკის სამინისტროს, იმუშაოს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო სტრატეგიაზე და იზრუნოს, რომ ქალების არაანაზღაურებადი შრომა გადაინაწილოს სახელწიფომ – გაიმართოს მზრუნველობითი სერვისები, დაარეგულირდეს ბაზარზე არსებული უთანასწორო ხელფასები და გადახედონ დეკრეტული შვებულების პოლიტიკას.

“ქალთა მოძრაობა” მზადაა მინისტრს შეხვდეს და ამ საკითხზე საკუთარი ხედვები და ცოდნა გაუზიაროს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.