აფხაზეთის იზოლაციამ ქალების პოზიციები შეასუსტა – ერთადერთი ფემინისტი აფხაზეთიდან

აფხაზეთში ერთადერთ ფემინისტ ქალს, ალიონა კუვიჩკოს, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ სოხუმში ახალგაზრდებისთვის ფემინიზმის შესახებ ლექცია ჩაატარა, სოხუმის სანაპიროზე მდებარე კაფეში შევხვდით. ვერანდაზე ჩვენ გარდა არავინ იყო, შიგნით კი კაცები ყავას სვამდნენ.

“ამ დროს ქალები აქ არასოდეს არიან, სამუშაო საათებია. მხოლოდ კაცებს აქვთ ამ ქვეყანაში თავისუფალი დრო”, – ასე შეაფასა სიცარიელე კაფეში ჩემმა თანამოსაუბრემ.

მე კი თემის განვითარება და თანამედროვე აფხაზურ საზოგადოებაში ქალებისა და კაცების როლების განხილვა შევთავაზე. 

კუვიჩკოს თქმით, აფხაზეთში ოჯახში ძირითადი “შემომტანი”ქალები არიან, კაცები კი ინფანტილიზმმა მოიცვა, რაც სულაც არ არის შემთხვევითი.

“ეს ომის შემდეგი ბლოკადის დროს მოხდა, როდესაც 16-დან 60 წლამდე კაცებს აფხაზურ-რუსული საზღვრის გადაკვეთა აუკრძალეს. სწორედ ამ დროს ქალებმა ხელში აიღეს ბიზნესი, დღე და ღამე ზურგით ეზიდებოდნენ პროდუქტს და ტანსაცმელს. კაცები კი ძირითადად სახლებში ისხდნენ. ამ ოჯახებში ბიჭებიც იზრდებოდნენ, რომლებიც უსაქმურ ანდა ნასვამ მდგომარეობაში მამებს უყურებდნენ.

ეს ბავშვები დღეს კაცები არიან და ისინი ფიქრობენ, რომ ნორმალურია, როდესაც მხოლოდ ქალები მუშაობენ, თავად კი მაგიდაზე ხელს აბრახუნებენ და ფულს ითხოვენ”.

ჩემი რესპონდენტი ამბობს, რომ ამ და არა მხოლოდ ამ სიტუაციამ აიძულა, აფხაზეთში ფემინიზმის თემა ეკვლია.

მისი თქმით, ყველაზე უფრო სევდიანი ისაა, რომ ქალებმა, რომლებიც ოჯახებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს, ქვეყანის მართვაზე პასუხისმგებლობის აღებას ვერ ბედავენ.

“ვფიქრობ, ამის ორი მიზეზი არსებობს. პირველი ისაა, რომ ქალს არ უნდა ბინძურ “პოლიტიკაში” გახვევა. ჩვენს ტრადიციულ საზოგადოებაში ჯერაც არ არის მიღებული, რომ ქალი განხილვის საგანი იყოს, და თუ პოლიტიკაში მიდიხარ, საჯარო ცხოვრებისთვის მზად უნდა იყო კიდეც. მეორე, არ არსებობს სოლდარობა უშუალოდ ქალებს შორისაც. ქალები ხმას არ აძლევენ ქალებს, რადგან ფიქრობენ, რომ ქალის ადგილი სამზარეულოში, ბაზარში ან საბავშვო ბაღშია და არა ხელისუფლებაში”.

ალიონა კუვიჩკო თავს ფემინისტად მიიჩნევს და ამბობს, რომ თანამედროვე საზოგადოებაში სქესთა შორის აბსოლუტური თანასწორობა უნდა არსებობდეს.

“თუმცა იმ ფემინისტებს ვერ ვუჭერ მხარს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათთვის კარი არავინ უნდა გააღოს, ანდა ტრანსპორტში ადგილი არ უნდა დაუთმონ. ეს უბრალოდ ეთიკური მომენტებია, მეტი არაფერი”, – ამბობს ის.

აფხაზეთში ფემინიზმის ხელშეწყობა მან “საწყობის” [“Склад”] საზოგადოებრივ-კულტურული სივრციდან დაიწყო. როგორც ამბობს, ძალიან გაკვირვებული და გახარებული იყო, როდესაც მის ლექციაზე  ბევრი აფხაზი ახალგაზრდა ქალი მივიდა.

“აუდიტორიაში ბევრი 20-დან 35 წლამდე ჩემთვის უცნობი ქალის სახე დავინახე. ისინი ძალიან ყურადღებით მისმენდნენ და კითხვებიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ძალიან აინტერესებთ ეს თემა”.

როგორც ის გვიყვება, იმის მიუხედავად, რომ აფხაზეთში ჯერ კიდევ ძლიერია ტრადიციები და ქალი ოჯახისა და განკუთრებით კაცის კონტროლის ქვეშ იმყოფება, ქალთა მეტი თავისუფლების პირველი ნიშნები ჩნდება -“ქალებს ქორწინების გარეშე შვილების გაჩენის აღარ ეშინიათ”.

“ჯერ მხოლოდ ინვიტრო განაყოფიერება არ იკიცხება ჩვენი საზოგადოების მხრიდან. მე აღფრთოვანებული ვარ დაუქორწინებელი ქალების მამაცობით, რომლებმაც გადაწყვიტეს ამ გზით გაჩენა, თუმცა ქორწინებაში არმყოფი ქალისთვის დაორსულების სხვა “ლეგალური” საშუალება ჯერ კიდევ მიუღებელია აქ”.

თუ ქორწინების თემას განვავრცობთ, ფემინისტი ფიქრობს, რომ აფხაზ ქალებს დიდი არჩევანი არ აქვთ.

“განვითარების დონით ჩვენი საზოგადოების ქალთა ნაწილი კაცებს უსწრებს. ქალების რაოდენობა მეტია. ნახეთ სტატისტიკა,  როგორია ავტოსაგზაო შემთხვევებში და ნარკოტიკით დაღუპულ კაცთა რაოდენობა. ახალგაზრდა ქალები უფრო ხარისხიან განათლებას იღებენ, მაგრამ მათთვის რთულია კარგი თანამდებობის დაკავება. თუ ქალს იმავე პროფესიული პარამეტრებით კაცი ჰყავს კონკურენტად, სამსახურში კაცს აიყვანენ”.

აფხაზეთის მმართველობით რგოლში გენდერული შემადგენლობაც ამას აჩვენებს –  აქ კაცები ყოველთვის ბევრად ჭარბობენ ქალებს, მომსახურების სფეროში კი საპირისპირო სურათია.

“მდივნები, პრეს-სამსახურების თანამშრომლები, ჟურნალისტები, პედაგოგები, ნოტარიუსები – ფაქტიურად სულ ქალები არიან”.

ფემინისტი დარწმუნებულია რომ ქალებმა თანასწორობისა და უფლებების შესახებ ინფორმაცია განათლების გზით უნდა მიიღონ.

“ჩვენს ახალგაზრდობას არ ახსოვს, რომ აფხაზეთი ერთ დროს ერთ-ერთი ლიბერალური რეპუბლიკა იყო. ჩრდილოეთ კავკასიისგან განსხვავებით, ოჯახსა და საზოგადოებაში ქალებს ყოველთვის ჰქონდათ ხმის უფლება. თუმცა იზოლაციის გამო საზოგადოების რადიკალიზაცია მოხდა და ქალების პოზიციები შესუსტდა. ამ პროცესს ბოლო 5-6 წელია ვხედავთ. აქედან მომდინარეობს ოჯახში ძალადობის აღზევებაც”. 

კითხვაზე, უახლოეს საპრეზიდენტო არჩევნებში შეუძლია თუ არა ქალ კანდიდატს გამარჯვება, ამბობს, რომ “არა”, საზოგადოება ამისთვის არც მზად არის და ქალი კანდიდატიც ჯერ არ ჩანს.

“იმედი მაქვს, საპარლამენტო არჩევნებში მეტი ქალი იქნება წარმოდგენილი. შემდეგ კი აფხაზეთი საპარლამენტო რესპუბლიკა გახდება და გვეშველება”.

ჩვენს პირველ საუბარს აფხაზეთში ფემინიზმზე ამ ოპტიმიზმით ვასრულებთ. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიანა კოტოვა არის ჟურნალისტი სოხუმში. მუშაობს "ABAZA TV" თვის და რადიო "თავისუფლებისთვის". ნეტგაზეთისთვის მარიანა კოტოვა ამზადებს მასალებს 2016 წლის თებერვლიდან პროექტის "სამხრეთ კავკასიის ამბები" ფარგლებში.