ახალი ამბები

თელავის გზაზე დაპირისპირების შედეგად რამდენიმე პოლიციელი და აქციის მონაწილე დაშავდა

16 დეკემბერი, 2018 • 1353
თელავის გზაზე დაპირისპირების შედეგად რამდენიმე პოლიციელი და აქციის მონაწილე დაშავდა

გურჯაანი-თელავის გზაზე ოპოზიციასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების შედეგად პოლიციელები და აქციის მონაწილეები დაშავდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ათამდე პოლიციელი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არის გადაყვანილი. მათ დაბეჟილობები და თავის ქალის ტრავმა აღენიშნებათ. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მხრიდან დაშავებულთა შორის ინფორმაციას არ ფლობენ.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ დაპირისპირებისას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაშავდა ოპოზიციის რიგებიდან, თუმცა ეს დაზუსტებული მონაცემი არ არის. როგორც “ნეტგაზეთს” პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ერთი ქალი შეუძლოდ შეიქნა, არიან ნაცემებიც, ხოლო ერთ კაცს ფეხზე მანქანამ გადაურა.

გაერთაინებული ოპოზიციის აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ოპოზიციის კოლონას თელავისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს. ოპოზიციის საპროტესტო კოლონა თბილისიდან თელავისკენ 09:00 საათზე დაიძრა. მათ გომბორის გზა გადაკეტილი დახვდათ, იქ მხოლოდ საშვების მქონე ადამიანებს უშვებდნენ. ამის შემდეგ მათ გზა გურჯაანის გზით გააგრძელეს. ჩუმლაყთან გზა შსს-მ ავტობუსებით ჩაუხერგა. შსს-მ განაცხადა, რომ ოპოზიციას შეეძლო ყვარლის გავლით გზის გაგრძელება და ეს მარშრუტი შეთანხმებული იყო. თუმცა აქციის მონაწილეების თქმით, მათ მხოლოდ გომბორის გზის დაკეტვის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია.

გაერთიანებული ოპოზიცია თელავში საპროტესტო აქციის გამართვას სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გეგმავდა. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და ზურაბიშვილს არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი