ახალი ამბები

იმ პირის დასადგენად, ვინც ,სავარაუდოდ, ოპოზიციის წევრებს სპრეი შეასხა, შსს მოკვლევას იწყებს

17 დეკემბერი, 2018 • 2780
იმ პირის დასადგენად, ვინც ,სავარაუდოდ, ოპოზიციის წევრებს სპრეი შეასხა, შსს მოკვლევას იწყებს

ვიდეომასალაზე, სადაც ჩანს, რომ 16 დეკემბერს, თელავთან მომხდარი დაპირისპირების დროს, სავარაუდოდ, ოპოზიციის მხარდამჭერთა მანქანაში მყოფ მოქალაქეებს წითელ ქურთუკში ჩაცმული პირი  სპრეის ასხამს, შსს-მ გამოძიება დაიწყო.

აღნიშნული ვიდეომასალა დღეს, 17 დეკემბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, კადრების გადაღებისას მანქანაში ოპოზიიციის 4 მხარდამჭერი იმყოფებოდა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა უცნობი პირის მიერ მათ მანქანაში სპრეის შესხმის შესახებ პირველად 16 დეკემბერს განაცხადეს. მაშინ, რუსთავი 2-თან ინტერვიუს დროს, ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა თქვა, რომ მას “გაზი შეასხურეს”, რის შედეგადაც ის და მასთან მანქანაში მყოფი პირები შეუძლოდ გახდნენ. მელიქიშვილი მომხდარში პოლიცილებს ადანაშაულებდა.

ნეტგაზეთს ადგილზე მყოფმა საპატრულო პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ უთხრა, რომ მსგავსი რამ პოლიციელების მხრიდან არ მომხდარა.

რაც შეეხება დღევანდელ კადრებს, შსს აცხადებს, რომ აღნიშნულ ვიდეოში დაფიქსირებული პირის დადგენა ამ დროისთვის მიმდინარეობს, რის შემდეგაც მას გამოკითხვაზე დაიბარებენ.

გარეკანი ფოტო: რუსთავი 2


გაერთაინებული ოპოზიციის აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება 16 დეკემბერს რამდენჯერმე მოხდა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ოპოზიციის კოლონას თელავისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს. ოპოზიციის საპროტესტო კოლონა თბილისიდან თელავისკენ 09:00 საათზე დაიძრა.

მათ გომბორის გზა გადაკეტილი დახვდათ, იქ მხოლოდ საშვების მქონე ადამიანებს უშვებდნენ. ამის შემდეგ მათ გზა გურჯაანის გზით გააგრძელეს. ჩუმლაყთან გზა შსს-მ ავტობუსებით ჩაუხერგა. შსს-მ განაცხადა, რომ ოპოზიციას შეეძლო ყვარლის გავლით გზის გაგრძელება და ეს მარშრუტი შეთანხმებული იყო. თუმცა, აქციის მონაწილეების თქმით, მათ მხოლოდ გომბორის გზის დაკეტვის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია.

გაერთიანებული ოპოზიცია თელავში საპროტესტო აქციის გამართვას სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გეგმავდა. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და ზურაბიშვილს არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი