ახალი ამბები

“ძალიან ინდივიდუალისტური იყო” – ამსტერდამში ცნობილი წარწერა “I Amsterdam” აიღეს

4 დეკემბერი, 2018 • 3430
“ძალიან ინდივიდუალისტური იყო” – ამსტერდამში ცნობილი წარწერა “I Amsterdam” აიღეს

ამსტერდამში, ეროვნული მუზეუმის წინ მდებარე წარწერა “I amsterdam”, რომელიც ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა იყო, აიღეს.

როგორც DW წერს, წარწერის მოხსნის ინიციატივით ქალაქის საბჭოში მემარცხენე პარტია GroenLinks გამოვიდა. მიუხედავად დიდი კრიტიკისა, ქალაქის საბჭოს წევრთა უმეტესობამ, რომელსაც ასევე მემარცხენეები წარმოადგენენ, ორი მეტრის სიმაღლის წარწერის მოხსნას მხარი დაუჭირა.

პარტიის განცხადებით, სლოგანი “I amsterdam” არის “ძალიან ინიდვიადუალისტური” და ის ეწინააღმდეგება “სოლიდარობასა” და “მრავალფეროვნებას”, რომელსაც ამსტერდამი მხარს უჭერს. გარდა ამისა, მათივე თქმით, აღნიშნული წარწერა მცირე ტერიტორიაზე უზომოდ დიდი რაოდენობის ტურისტულ ნაკადს იზიდავდა.

მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა, “I amsterdam” ქალაქის ტურისტული მარკეტინგის მთავარ სლოგანად მაინც რჩება. ქალაქის გადაწყვეტილებით, წარწერა, რომელიც 14 წლისაა, განახლდება და შესაძლოა ქალაქის სხვა ნაწილში მოთავსდეს. მსგავსი წარწერა, ოღონდ უფრო მცირე ზომის, ამ დრომდე რჩება ამსტერდამის მთავარ, შხიპოლის აეროპორტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი