ახალი ამბებირეკლამა

„სამართლის სახლი“: ჩვენ ახალი სტანდარტის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ვამკვიდრებთ

8 ნოემბერი, 2018 • 3569
„სამართლის სახლი“: ჩვენ ახალი სტანდარტის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ვამკვიდრებთ

იურიდიული კომპანია „სამართლის სახლი“ 2013 წელს დაფუძნდა და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამართლიანობის აღდგენის პროცესში ჩართულობა იყო. ორგანიზაციისთვის პრიორიტეტულია მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის მხარდაჭერა მათთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესში. „სამართლის სახლში“ ამ ბრძოლის გზაზე, მიღწეულ შედეგებსა და მართლმსაჯულების სფეროში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ.

„სამართლის სახლი“ უკვე ხუთი წელია კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას უწევს მოქალაქეებს. კომპანია წარმატებით საქმიანობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სამოქალაქო სამართალი, სისხლის სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, ადამიანის უფლებათა ევროპული სამართალი და სხვა.  

ბეჟან ბეჟუაშვილი, „სამართლის სახლის“ დირექტორი

ბეჟან ბეჟუაშვილი, „სამართლის სახლის“ დირექტორი

აქ დასაქმებული სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები  თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შერწყმით, სრულიად ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებენ.  

საქართველოში სამართლის განვითარების მიზნით კომპანია ორგანიზებას უწევს  სხვადასხვა კონფერენციას, შეხვედრასა და ტრენინგს. ასევე, კომპანია ყოველწლიურად სხვადასხვა უნივერსიტეტიდან იწვევს და ასაქმებს წარმატებულ სტუდენტებს.

კომპანიის შექმნის იდეის ავტორი და დამფინანსებელი ცნობილი ბიზნესმენი და საჯარო ფიგურა, თამაზ ელიზბარაშვილია. თამაზ ელიზბარაშვილი ქრთამის მიცემისა და საბუთების გაყალბების ბრალდებით, ნათესავებსა და მეგობართან ერთად, 2010 წელს დააკავეს და გირაოს სახით 6 მილიონი ლარი დააკისრეს. თანხის გადახდის შემდეგ ის და მისი ახლობლები საპატიმროდან გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2014 წელს ყველა მათგანი გაამართლა.

„კომპანიის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, აქტიურად ჩავრთულიყავით სამართლიანობის აღდგენის პროცესში, დაჩაგრულ ადამიანებს გვერდში დავდგომოდით.  გარდა ამისა, ჩვენი მიზანი იყო საზოგადოებისთვის სრულყოფილი და ყოვლისმომცველი იურიდიული მომსახურება შეგვეთავაზებინა,“ – ამბობს „სამართლის სახლის“ დირექტორი ბეჟან ბეჟუაშვილი.

დაპირებად დარჩენილი სამართლიანობის აღდგენა

ბეჟან ბეჟუაშვილის თქმით, ხელისუფლება გამუდმებით ლაპარაკობს იმაზე, რომ წინა ხელისუფლების დროს ბიზნესმენებს ემუქრებოდნენ და ქონებას ართმევდნენ. თუმცა წართმეულ ქონებას, რომლის დიდი ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, უკან არ აბრუნებს. მისივე აზრით, საზოგადოების მოლოდინი ვერ გამართლდა და სასამართლო რეფორმა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს:.

„ბოლო ხუთი  წლის განმავლობაში გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების უმრავლესობა ჩაგრული ადამიანების დაცინვაა. როცა მოქალაქე ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით მიმართავს და ეუბნება – ამა და ამ წელს ქონება რომ გადმოგიფორმეთ ჩემი ნება არ იყო, მაიძულეს და გთხოვთ დამიბრუნოთო, იქედან იღებს უარს – ეს ჩვენი ქონებააო. შემდეგ მივდივართ სასამართლოში.“

ბეჟან ბეჟუაშვილის თქმით, საერთო სასამართლოები ვითომ ხელისუფლების ინტერესებს ემსახურებიან, ვადების დარღვევით განიხილავენ საქმეებს და კომიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ:

„როცა მოქალაქე წართმეულ ქონებაზე სასამართლოში დავას იწყებს, ბაჟის გადასახადი ძალიან მაღალია. თუ წართმეული ქონების ფასი ასი ათასი ლარია, სამივე ინსტანციაში გადასახადი დაახლოებით 15 ათასი ლარია. თუ პირველი ინსტანციის სასამართლო უარს გეუბნება, იგივე გრძელდება ზემდგომ ინსტანციებშიც, ეს ერთიანი ტენდენციაა. ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, თავი აბსურდის თეატრში გეგონება.“

ბეჟუაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას მარტივად შეეძლო ერთი დადგენილება მიეღო და 2003-2012 წლებში სავარაუდოდ მომხდარ სადავო საქმეებზე ადამიანები ბაჟისგან გაეთავისუფლებინა, მაგრამ ასე არ მოიქცა.

იურისტის აზრით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ რეალურად ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკური ნება არ აქვს:

„ქართულ სასამართლოში სამართლის პოვნა პრობლემაა. რაც მოსახლეობას ცხრა წლის განმავლობაში წაართვეს, ექვსი წლის განმავლობაში წართმეული ქონება სასამართლომ დააკანონა და თქვა, რომ უკანონოდ არავისთვის არაფერი წაურთმევიათ,“ – აღნიშნავს ბეჟუაშვილი.

ხელისუფლების ორმაგი სტანდარტი ერთი მაგალითის მიხედვით

იურისტის განცხადებით, არის ერთეული შემთხვევები, როდესაც ცალკეულ ადამიანებს, საკუთარი ინიციატივით, უბრუნებს წართმეულ ქონებას, საერთო სურათი კი უცვლელია. მისივე თქმით, რამდენიმე ასეთი დავა სასამართლოში „სამართლის სახლმაც“ მოიგო.

თუმცა არის ისეთი საქმეებიც, როცა სასამართლო განსაკუთრებულ ცინიზმს ავლენს. ამ კონტექსტში ბეჟან ბეჟუაშვილი შპს „კარიბჭეს“ შემთხვევას იხსენებს.

ბეჟან ბეჟუაშვილის განცხადებით, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქემ 2006 წელს მიწა 49-წლიანი იჯარით აიღო და ტერმინალი ააშენა. ხოლო 2010 წელს აწყობილი ბიზნესი სახელმწიფოს იძულების გზით „აჩუქა“.

„ამ ადამიანის მეუღლე რუსეთის მოქალეა და უთხრეს, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავებდნენ და აჩვენებდნენ, რომ ტერმინალიდან ტყვია-წამალი ამოიღეს. ჩუქების ხელშეკრულებაში წერია, რომ ქონების ღირებულება ცხრა მილიონ აშშ დოლარზე მეტია. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გავასაჩივრეთ და პირველი ინსტანციის სასამართლომ თქვა, რომ იჯარით იაფად მისცეს ტერიტორია და მადლიერების ნიშნად აჩუქა სახელმწიფოსო. აღსანიშნავია, რომ ეს საწარმო დღესაც სახელმწიფოს ეკუთვნის, წარმატებით ფუნქციონირებს და მაღალრენტაბელურია.“

იურისტის აზრით, ასეთი დამოკიდებულება საზოგადოებაში ნიჰილიზმს აჩენს. ადამიანებს იმედი არ აქვთ, რომ წართმეულ ქონებას დაუბრუნებენ. გარდა ამისა, არც დამატებით ბაჟის გადახდის სურვილი და საშუალება აქვთ.

ამჟამად „სამართლის სახლი“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნად ორ საქმეს ამზადებს, რადგან ეროვნულ სასამართლოში სამართალი ვერ იპოვეს.

რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის შესაცვლელად

„სამართლის სახლის“ დირექტორის თქმით, მთავარია, ხელისუფლებამ გამოხატოს სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკური ნება და დაიწყოს მედიაცია.

„ნების არსებობის შემთხვევაში, ადამიანებში გაჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო მათ ინტერესებს იცავს“.

მისივე განცხადებით, მკაცრად უნდა განისაზღვროს სამართალწარმოების პირობები, მოსამართლეებმა საპროცესო ვადები დაიცვან და საქმეები დროულად განიხილონ.

„სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება უნდა არსებობდეს ქვეყანაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობა არ ენდობა კანონს და, შესაბამისად, სახელმწიფოს,“ – აღნიშნავს ბეჟუაშვილი.

___________________________________________________

იურიდიული დახმარების მისაღებად „სამართლის სახლს“ შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ მისამართზე – თბილისი, ს. ცინცაძის ქ. 26 (ყოფილი საბურთალოს ქ.)

ტელ: +(995 032) 2190990

მასალების გადაბეჭდვის წესი