ჩემს სათქმელში ბევრია საამაყოც და, რა თქმა უნდა, სასინანულოც – კვირიკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც თანამდებობის დატოვების შემდეგ დუმილს ინარჩუნებდა, თავისი ოფიციალური ფეისბუკ გვერდით პირველ საჯარო განცხადებას ავრცელებს გადადგომის შემდეგ.

კვირიკაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკურ აქტიურობას არც ამის შემდეგ აპირებს. მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“მხარს ვუჭერ იმ ფასეულობებს, რომლისაც მწამდა და მჯეროდა მთელი ჩემი შეგენებული ცხოვრება, რომლის სიმაღლეც ჩვენი ქვეყნის ისტორიამ გვასწავლა, რომლის მაგალითიც ჩემმა მშობლებმა და წინაპრებმა მომცეს, მასწავლეს ჩემმა მეგობრებმა, ასევე ჩვენი ერის გამორჩეულმა მოღვაწეებმა, მათ შორის, თანამედროვეობის ღირსეულმა წარმომადგენლებმა, ხანდახან კი, ყველასთვის უცნობმა ადამიანებმაც ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთში, ფასეულობებს, რომლებიც ძვირფასი იყო ყოველთვის, მათ შორის 2007 წლის შემოდგომაზე, 2011 წლის შემოდგომაზე, და რომელსაც ქართველი ხალხის უდიდესმა ნაწილმა დაუჭირა მხარი 2012-ში და შემდგომ 2016-ში. მთელი ეს პერიოდი სიჩუმე ვარჩიე, და არც ახლა ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობას; და არა იმიტომ, რომ არაფერი მაქვს სათქმელი. ჩემს სათქმელში ბევრია საამაყოც და, რა თქმა უნდა, სასინანულოც. ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა.

და ყველაფრის მიუხედავად და ყველაფრის გათვალისწინებითაც, ფასეულობები გადასარჩენია, გადასარჩენია ახლა, ამ მომენტში, და გადასარჩენია მუდმივად. და ეს დაუსრულებელი ძალისხმევა არ დაიღლება ჩვენს ერში, და არ დაიღლება ჩემშიც, სანამ სული მიდგას”.

გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა 2018 წლის ივნისში დატოვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.