ახალი ამბები

არჩევნები 2018:  დღეს მოქალაქეებმა საქართველოს პრეზიდენტი უნდა აირჩიონ

28 ოქტომბერი, 2018 • 1707
არჩევნები 2018:  დღეს მოქალაქეებმა საქართველოს პრეზიდენტი უნდა აირჩიონ

დღეს, 28  ოქტომბერს, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 6 წლის ვადით აირჩევენ პრეზიდენტს. ამომრჩევლებს ხმის მიცემა დილის 08.00 საათიდან შეუძლიათ.

არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 25 კანდიდატი, მათ შორის 19 – პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.

ხმის მისაცემად საქართველოში სულ 3 703 საარჩევნო უბანია შექმნილი, მათ შორის 10 სპეციალური უბანია.  55- საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი.

ცესკოს ცნობით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877, რომელშიც შედიან საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795 – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად- საზღვარგარეთის მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქე.

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესის გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა 125 მედიაორგანიზაციის 2000-ზე მეტმა ჟურნალისტმა.

კენჭისყრის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება. ცესკო აცხადებს, რომ  მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

მასალების გადაბეჭდვის წესი