ორჰან ფამუქი. ფოტო: EPA

თურქი მასწავლებლის მიმართ გამოძიება მოსწავლეთათვის ფამუქის რჩევის გამო დაიწყო – მედია

თურქეთში მომუშავე ლიტერატურის მასწავლებელი აცხადებს, რომ მის მიმართ გამოძიება დაიწყო იმის გამო, რომ მოსწავლეებს ორჰან ფამუქის “უმანკოების მუზეუმის” წაკითხვა ურჩია. ამის შესახებ მან თურქულ გაზეთ BirGün-ს მისწერა, თუმცა ანონიმურად დარჩენა ამჯობინა.

პედაგოგი ამტკიცებს, რომ მის შესახებ შესაბამის ორგანოებს ერთ-ერთი მოსწავლის მშობლებმა აცნობეს. ისინი აცხადებდნენ, რომ მასწავლებელი მოსწავლეებს “გარყვნილების წაკითხვისკენ უბიძგებდა”.

მისი თქმით, გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ როგორც მასწავლებლები, ისე მოსწავლეები და ის საჯარო მოხელეები, რომელთაც “ფამუქის მიმართ სიმპათია გააჩნიათ”. გამომძიებლები მათ უსვამდნენ კითხვებს: “იყავით თუ არა [უმანკოების] მუზეუმში?; “წაიკითხეთ თუ არა რომანი?”… მასწავებლის განცხადებით, პროცესში განათლების სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

” “უმანკოების მუზეუმი” [განათლების] სამინისტროს ელექტრონულ ბიბლიოთეკაშია ხელმისაწვდომი. თუ ის აკრძალულ წიგნებს შორისაა, მაშინ ამ სიაშიც არ უნდა იყოს. ამორალობა თანამედროვე რომანების ნაწილია. თურქული კლასიკის სხვა ნიმუშები, რომელთაც ჩვენ ვთავაზობთ, შეიცავენ დეტალებს, რომლებიც ინცესტსაც უახლოვდება. ეს წიგნი მოსწავლეებს მხოლოდ იმიტომ ვურჩიე, რომ კითხვის უნარი განევითარებინათ. მე გამოძიების ობიექტი გავხდი, როგორც ლიტერატურის მასწავლებელი, მოსწავლეებისთვის წიგნის რჩევისთვის და შესაძლოა, ამის გამო დავჯარიმდე”, – მისწერა პედაგოგმა გაზეთს.

“უმანკოების მუზეუმი” ორჰან ფამუქის ერთ-ერთი ცნობილი რომანია. წიგნი 30 წლის ქემალისა და 18 წლის ფუსუნის სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს, მოქმედება კი, ძირითადად, 1970-80-იან წლებში, სტამბოლში ვითარდება. ეს ფამუქის მერვე რომანია, რომელიც 2008 წელს გამოვიდა. წიგნის კვალზე, ფამუქმა სტამბოლში რეალური მუზეუმიც გახსნა, სადაც რომანში ნახსენები და სხვა, ეპოქის შესაბამისი ნივთები გამოფინა.

ორჰან ფამუქი – თანამედროვე თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული მწერალია, რომელმაც 2006 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიიღო. ფამუქი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან