“კორუფცია მაღალ ეშელონებში, შრომითი უფლებები” – მამიკინსი პრობლემურ სფეროებს ასახელებს

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა მოლდოვასთან და საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებების იმპლემენტაციის პროცესი შეაჯამეს.

ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტარებმა შეაქეს საქართველოს ძალისხმევა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით და გააკრიტიკეს მოლდოვა.

“საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები მიესალმნენ საქართველოს რეფორმების მდგრად კურსს, რაც ქვეყანას  ევროკავშირის მთავარ პარტნიორად აქცევს რეგიონში. ისინი აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი ახლა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმსხვილესი წყაროა. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს სტაბილურობის, შემდგომი დემოკრატიული რეფორმების დანერგვისა და ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესების უზრუნველყოფა. ამასთან, ისინი ხაზს უსვამენ, რომ კორუფცია მაღალ ეშელონებში,  სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და მედიაკონტენტის დეპოლიტიზაცია, შეშფოთების მთავარ სფეროებად რჩება”, – ნათქვამია პრესრელიზში.

ევროპარლამენტარებმა ასევე აღნიშნეს, რომ  ომიდან 10 წლის შემდეგაც რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების უკანონო  ოკუპაციას და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ცალსახა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ასევე, აღინიშნა  საქართველოს მოქალაქებთან პროაქტიული კომუნიკაციის მნიშვნელობა იმ ხელშესახები სარგებლის შესახებ, რაც აღმოსავლეთ პარნტიორობას მოაქვს.

“საქართველოს აქვს მკაფიო მისწრაფება გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და ინტერპარტიული კონსენსუსი ევროპული დღის წესრიგის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია. ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, კარგად მიდის. სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ ასევე აღვნიშნავთ პოზიტიურ დინამიკას უვიზო მიმოსვლის რეჟიმისა და საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხზე დიალოგის მიმართულებით”, – განაცხადა საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა, ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიშის ავტორმა ანდრეი მამიკინსმა.

მიუხედავად ამისა, მამიკინსის თქმით, კიდევ არის რამდენიმე საკითხი, რაზეც საქართველომ ფოკუსირება უნდა მოახდინოს, მათ შორის, შრომითი უფლებები, ეკონომიკური ემიგრაცია, მაღალი დონის კორუფცია, სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გენდერული თანასწორობა და ბავშვთა უფლებები.

მისი თქმითვე, ევროკავშირი, ევროპის პარლამენტის ჩათვლით,  გააგრძელებს თავის მხარდაჭერას და ჩართულობას საქართველოს მიერ ამბიციური რეფორმების განხორციელების გზაზე.

ევროპარლამენტმა მოამზადა საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმებების იმპლემენტაციის შეფასების დოკუმენტი. ის, ერთი მხრივ, ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის მიერ მომზადებულ ინფორმაციას ეფუძნება, მეორე ნაწილში კი წარმოდგენილია დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებები. მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკულია ექსპერტ ნონა მიხელიძის  ანგარიში.

საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანდრეი მამიკინსის მიერ მომზადებული რეზოლუციის  პროექტს, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა,  ევროპარლამენტი ბრიუსელში, ნომებერში დაგეგმილ პლენარულ სესიაზე უყრის კენჭს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი