ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის გამო, უწყებათაშორის კომისიას ვტოვებთ – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის გამო უწყებათაშორის კომისიას პროტესტის ნიშნად ტოვებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ  პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, იუსტიციის მინისტრი და დეპუტატები არაკორექტული და უსაფუძვლო ბრალდებებით ცდილობენ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას.

“განსაკუთრებულად აღმაშფოთებელი ის არის, რომ მაღალჩინოსანთა განცხადებების შემდეგ სოციალურ ქსელებში გაჩნდა დაფინანსებული გვერდები, სადაც კონკრეტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებზე ყალბი ინფორმაციის გავრცელება და მათი დისკრედიტაცია მიმდინარეობს”,-წერია TI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციებზე გაკეთებულ განცხადებებს TI უკავშირებს საარჩევნო გარემოს შუალედური შეფასებების გამოქვეყნებას. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში” მიაჩნიათ, რომ მმართველმა პარტიამ და თეა წულუკიანმა ვერ უზრუნველყვეს მიუკერძოებელი სამუშაო გარემოს ჩამოყალიბება.

“ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა და „ქართული ოცნების” ლიდერების, მათ შორის იუსტიციის მინისტრის აგრესიულმა რიტორიკამ გვაჩვენა, რომ ამ ფორმატში თანამშრომლობა აზრს კარგავს. ის უწყებები და მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც უნდა რეაგირებდნენ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევებზე, თავად იყენებენ ამ რესურსს ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციისთვის”,-აცხადებენ ორგანიზაციაში.

2017 წელს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა. კომისიის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია. კომისიის მიზანია ხელი შეუწყოს დიალოგს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. ამ მიზნით კომისია თანამშრომლობს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.