ვაცლავ ჰაველის ჯილდო პატიმრობაში მყოფ ჩეჩენ აქტივისტ ოიუბ ტიტიევს გადაეცა

დისიდენტობის სიმბოლოს, ვაცლავ ჰაველის სახელობის ჯილდო, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE) აქვს დაწესებული, გადაეცა ჩეჩენ უფლებამდაცველ ოიუბ ტიტიევს. ტიტიევი უკვე თვეებია, რაც დაკავებულია და სასამართლოს ელოდება.

PACE-მ 8 ოქტომბერს, საშემოდგომო სესიის გახსნისას გამოაცხადა, რომ ჯილდოს ტიტიევს გადასცემენ.

“ჩვენ ბოლომდე გვესმის, რა სირთულეებთან უწევთ ტიტიევსა და მის კოლეგებს გამკლავება”, – განაცხადა ასამბლეის პრეზიდენტმა ლილიან მორი პასკიმ.

“ეს პრიზი იმ საქმიანობის აღიარებაა, რასაც ტიტიევი და “მემორიალი” ასრულებენ. ასევე, მესიჯია ყველასათვის რეგიონში, რომ უერთგულონ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპებს”.

61 წლის ტიტიევი რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია “მემორიალის” ჩეჩნეთის ბიუროს ხელმძღვანელია.

ის 2018 წლის იანვარში დააკავეს მარიხუანის ფლობის ბრალდებით. ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინიტრო აცხადებდა, რომ ტიტიევის მანქანაში 180 გრამამდე კანაფი აღმოაჩინა, თუმცა ტიტიევი უარყოფს ბრალდებას და ამბობს, რომ ხელისუფლება ყალბი ბრალდებით ცდილობს მის ციხეში გამოკეტვას.

RFE/RL-ის ცნობით, აშშ, ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყანა და ევროპის საბჭოს (ევროსაბჭოს) ადამიანის უფლებათა კომისარი გმობენ  ტიტიევის დაკავებას და შეშფოთებას გამოხატავენ მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.

“რუსეთის ხელისუფლება არაფერზე დაიხევს უკან, რათა გააჩუმოს ნებისმიერი, ვინც ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე საუბრობს.  წლებია ტიტიევს უწევს შევიწროებასთან და ზეწოლასთან გამკლავება”,- რადიო თავისუფლების თანახმად, ასე განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა.

მემორიალის განცხადებებით, ნარკოტიკების ჩადება ნაცადი ხერხია, რასაც ხელისუფლება ანტისახელისუფლებო აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებს.

თუკი ბრალდებულად ცნეს, ტიტიევს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.