ახალი ამბები

ვასიკო ოდიშვილი 14 ოქტომბერს დაბრუნდება იმედზე – ვასმედია

8 ოქტომბერი, 2018 • 5108
ვასიკო ოდიშვილი 14 ოქტომბერს დაბრუნდება იმედზე – ვასმედია

სატირულ-იუმორისტული შოუ “ვასმედია” უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირაკლი კობახიძის ტყუილებზე ხუმრობების გამო ვასიკო ოდიშვილის გადაცემა ტელეკომპანია იმედზე დაიხურა.

“ძვირფასო ვასმედიას მაყურებლებო, ვასიკო ოდიშვილი განახლებული დეკორაციით დაგიბრუნდებათ კვირას, 14 ოქტომბერს, ჩვეულ დროსა და ჩვეულ ადგილას. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ! არაკეთილმოსურნეებს, გთხოვთ, გააგრძელოთ ნერვიულობა,” – წერია “ვასმედიის” განცხადებაში.

მოკლედ:

სატირულ-იუმორისტული შოუ “ვასმედია”, რომელიც მხოლოდ ორჯერ იხილა მაყურებელმა, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, კვირას არ გასულა. ვასიკო ოდიშვილის გადაცემა, რომელიც მეორედ 30 სექტემბერს გავიდა ეთერში, სხვა თემებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ტყუილებზე სატირულ ხუმრობებს ეხებოდა.

ირაკლი კობახიძეს დღევანდელ ბრიფინგზე ჰკითხეს, იცოდა თუ არა იმის შესახებ, რომ ვასიკო ოდიშვილის გადაცემა სავარაუდოდ სწორედ მის შესახებ ხუმრობების გამო დაიხურა ტელეიმედზე. პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ამის შესახებ არ ფლობს არანაირ ინფორმაციას.

ნეტგაზეთი ტელეიმედის გენერალურ დირექტორს, გიორგი ბახტაძეს დაუკავშირდა ტელეფონით, რომელსაც მხოლოდ ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა ვთხოვეთ ვასიკო ოდიშვილის გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით. მან გვითხრა, რომ შეხვედრაზე იყო, რის გამოც ვერ გვიპასუხებდა და ტელეფონი გათიშა.

ჩვენ ვასიკო ოდიშვილთან დაკავშირებასაც ვცდილობდით მისი გადაცემის შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით. გადაცემის პროდიუსერმა კი გვითხრა, რომ ვასმედია დროებით “დაპაუზდა” რეორგანიზაცია-რეკონსტრუქციის მიზნით.

ვასიკო ოდიშვილის შოუ საქართველოში მიმდინარე მოვლენების პოლიტიკური სატირისა და იუმორის ჟანრში აანალიზებს. როგორც გადაცემის აღწერაში ვკითხულობთ, ნებისმიერი თემა ან პერსონა, რომელმაც საზოგადოებას საკუთარი ქმედებითა და აზრის გახმიანებით თავი დაამახსოვრა, ვასიკოს ობიექტივში შეიძლება აღმოჩნდეს, ხოლო თუ ეს აზრი ან ქმედება კრიტიკას იმსახურებს – “მაშინ ოოო…”

კობახიძეზე ხუმრობის შემდეგ, “იმედზე” ვასიკო ოდიშვილის გადაცემა “დაპაუზდა”

მასალების გადაბეჭდვის წესი