მესხურ ტერასებზე ვაზის უიშვიათესი ჯიშები გააშენეს – პირველი რთველი 400 წლის შემდეგ

ეს მესხური ტერასებია – ადგილი, სადაც ოთხ საუკუნიანი პაუზის შემდეგ მოსავალი წელს პირველად აიღეს. ტერასებზე ახალი სიცოცხლე დაიწყეს ისეთმა უნიკალურმა ჯიშებმა, როგორიცაა: თამარის ვაზი, ჯვარი, მესხური მწვანე, მესხური ხარისთვალა თეთრი და შავი, დანახარული, „მესხური ჩიტისთვალა, კლარჯული და სხვა.

საუკუნეების წინ მესხეთში მევენახეობა მაღალ დონეზე იყო განვითარებული, რასაც ნასახლარებთან შემორჩენილი ვაზის უძველესი ჯიშები და ქვაში გამოკვეთილი უნიკალური საწნახელებიც მოწმობს. მე-16 საუკუნის ბოლოს მესხურ ტერასებზე უკანასკნელი რთველი შედგა, რის შემდგომაც ვაზის თითქმის მთლიანად განადგურდა.

2015 წელს, ბიზნესმენების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და მესხური ვაზის ჯიშების კოლექციონერის გიორგი ნათენაძის ერთობლივი ძალისხმევით სოფელ ხიზაბავრაში აღდგა მე-12 საუკუნის თამარ მეფის დროინდელი ტერასები.

დიდი ძალისხმევის შედეგად, ამჟამად, აღდგენილია ისტორიული ტერასების 12 ჰექტარი, სადაც გაშენდა მესხური ვაზის 24 უიშვიათესი ჯიში. დაგეგმილია კიდევ 11 ჰექტარის გაშენება, სადაც სხვა აღდგენილი ჯიშებიც დაირგვება.

“სამი წლის წინ ვაზის უნიკალური ჯიშები დავრგეთ. ისტორიულად მესხეთი ღვინის მხარე იყო და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ დღეს ყველა ერთად ვესწრებით პირველ რთველს,” – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ბადრი ჯაფარიძის თქით, მესხეთში მეღვინეობის აღდგენა საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა:

“მთელი ხიბლი იმაშია, რომ ამ ტერასებზე ოთხი საუკუნე რთველი არ ყოფილა და ჩვენ ისტორიული მოვლენის მონაწილეები ვართ. აქ ჩვენი წინაპრები ხილსა და ვენახებს აშენებდნენ და უვლიდნენ. ამიტომ გვინდოდა მათ ნაკვალევზე აგვეღორძინებინა ტერასები,” – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

პროექტის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვით ლევან უჯმაჯურიძეს და გიორგი ნათენაძეს, რომლებმაც საგურამოს სამეცნიერო კვლევით ცენტრში 20-ზე მეტი მესხური ჯიშის იდენტიფიცირება მოახდინეს.

კომპანია “ვარძიის ტერასების” დირექტორი და იშვიათი მესხური ვაზის ჯიშების კოლექციონერი, გიორგი ნათენაძე ამბობს, რომ ტერასების ღვინოს განსაკუთრებული საგემოვნო თვისებები ექნება და ბევრ ქვეყანაში გავა ექსპორტზე:

“მესხეთში ვაზის სამასამდე ჯიში არსებობდა. დროთა განმავლობაში ვაზი გადაშენდა. ჩვენ გვინდა მეღვინეობის ტრადიცია გავაცოცხლოთ. მესხებს შეუძლიათ ჩვენი აღმოჩენილი ჯიშები წაიღონ და თვითონაც გააახარონ. “

მომავალ წელს, კომპანია გეგმავს აღადგინოს მესხური ტრადიციული არქიტექტურის ოდა და ქართული მეღვინეობის განუყოფელი ნაწილი – საქვევრე მეურნეობა. აქ მოსულ სტუმრებს გაუმასპინძლდებიან უნიკალური მესხური ღვინოებით და კერძებით.   პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ღვინის და კულტურული ტურიზმის განვითარებას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

პირველი სტუმრები მესხურ ტერასებზე პირველ რთველთან ერთად მიიღეს. საერთაშორისო რალიმ, „Peaks of Caucasus“-მა 2 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე აიღო სტარტი და 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მონაწილეების ძირითად ნაწილს უცხოელი ბიზნესმენები შეადგენენ, რომლებიც კლასიკური მანქანებით საქართველოს თითქმის ყველა კუთხეს შემოივლიან. საქართველოს სახელით რალიში მამუკა ხაზარაძე მიიღებს მონაწილეობას, რომელმაც 3 ოქტომბერს რალის მონაწილეებს ხიზაბავრაში უმასპინძლა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი