ეკონომიკა

ლარი დოლართან 8 თეთრით გაუფასურდა – როგორია მოლოდინები

15 აგვისტო, 2022 •
ლარი დოლართან 8 თეთრით გაუფასურდა – როგორია მოლოდინები

ზაფხულის დასაწყისიდან ბოლო პერიოდამდე დოლართან და ევროსთან ლარის  სტაბილური გამყარების ტენდენციის შემდეგ, 13 აგვისტოდან ეროვნული ვალუტა გაუფასურდა.

რა იწვევდა ეს პერიოდი ვალუტის გამყარებას, რამ გამოიწვია პარასკევიდან გაუფასურება, დროებითია თუ არა ეს ცვლილება და ლარის როგორ კურსს უნდა ველოდოთ 2022 წლისთვის?

რა ხდება

2022 წლის იანვარში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.08 ლარის ფარგლებში იყო, თებერვლის დასაწყისში 2.92-მდე შემცირდა, უკრაინაში ომის დაწყებიდან ორიოდე კვირაში, 3 მარტისთვის კი, „რეკორდულ“ ნიშნულს, 3.4 ლარს მიაღწია.

მარტის ბოლოდან ლარმა გამყარება დაიწყო, რაც მაისის ბოლომდე გაგრძელდა, როდესაც 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.86 ლარამდე შემცირდა. ივნისის პირველ რიცხვებში ლარი მცირედით კვლავ გაუფასურდა, 3 ივნისიდან კი თითქმის აგვისტოს შუა რიცხვებამდე განაგრძობდა გამყარებას (მინიმალურ მერყეობას თუ არ ჩავთვლით).

წყარო: ეროვნული ბანკი

ეს ტენდენცია 13 აგვისტომდე შენარჩუნდა. 13 აგვისტოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 დოლარი 2.7089 ლარი ღირდა.

შაბათ-კვირას ეროვნული ბანკის მონაცემები არ ქვეყნდება, ორშაბათს კი გამოქვეყნდა ის გაცვლითი კურსი, რაც 16 აგვისტოს იმოქმედებს.

ახალი მონაცემებით, ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7877 ლარი შეადგინა. ეს დაახლოებით 8-თეთრიანი (ზუსტად 7.88-თეთრიანი) ცვლილებაა.

„ბლუმბერგის“ თანახმად კი, – რომლის მაჩვენებელიც კომერციული ბანკების გაცვლით კურსებთან დგას ახლოს, – ერთი აშშ დოლარი არის 2.80.

რაც შეეხება ევროს, – 16 აგვისტოსთვის მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარი ევროსთან მიმართებით ამავე პერიოდში 5.4 თეთრით გაუფასურდა და ახლა 1 ევრო 2.84 ლარი ღირს.

„ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას“ – მინისტრი

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 15 აგვისტოს ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ შესაძლოა, ყოველდღიური მონაცემები მერყეობდეს, თუმცა „ლარი იქნება სტაბილური და ამას უზრუნველყოფს ის ეკონომიკური აქტივობა, რაც ქვეყანაშია“.

ლაშა ხუციშვილის თქმით, ლარი 2022 წლის დასაწყისიდან არსებითად არის გამყარებული:

„უკრაინაში ომის დაწყებისას დოლარის ღირებულება იყო 3.4 ლარის ფარგლებში, შემდეგ სტაბილურად იყო 3.05 ლარის მიდამოებში და დღეს, ბოლო 2 დღის ვაჭრობით, არის 2.80-ის ფარგლებში“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, სხვადასხვა ფაქტორი უზრუნველყოფს, რომ „ლარი საშაულო პერიოდში შეინარჩუნებს სტაბილურობას“, კერძოდ „ის ფაქტორები, რაც განსაზღვრავს ფულადი ნაკადების შემოდინებას – მზარდი ექსპორტი, ტურიზმის მზარდი აღდგენა, მზარდი გადმორიცხვები“.

„რთულია ლარის კურსის ცვლილებაზე კომენტარის გაკეთება, თუმცა, თუ შევხედავთ ომის დაწყებამდე პერიოდს, მასთან მიმართებაში მნიშვნელოვნად არის ლარი გამყარებული, დაახლოებით 60 თეთრით. ვერ ვიტყვით, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი გამყარება“, – განაცხადა მან.

რას ამბობენ ექსპერტები

„თიბისი კაპიტალის“ [„თიბისი ბანკის“ საკონსულტაციო ფირმა] მიერ 15 აგვისტოს გამოქვეყნებული პუბლიკაციის თანახმად, ლარის საშუალო კურსის მხრივ შეფასება დიდწილად ნეიტრალურია.

ორგანიზაცია ყოველკვირეულ მიმოხილვას იწყებს ლარის გამყარების ტრენდზე ხაზგასმით, რაც წინა კვირაშიც გაგრძელდა – „ამჯერად ეროვნული ბანკის მიერ კიდევ უფრო მასშტაბური ინტერვენციების“ მიუხედავადაც კი.

„თიბისი კაპიტალი“ ხაზს უსვამს, რომ ივლისში ეროვნულმა ბანკმა 110 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა, აგვისტოში კი, სულ მცირე, 70 მლნ აშშ დოლარი.

„ბოლო პერიოდში განხორციელებული ინტერვენციისაგან განსხვავებით, ამჯერად [1-12 აგვისტოს პერიოდში განხორციელებულ ინტერვენციებზე პასუხად] ბაზრის ნეგატიური რეაქცია არ აღინიშნებოდა, თუმცა, მხოლოდ კვირის ბოლომდე, როდესაც ლარმა პოზიციები დათმო და პარასკევის დღის ბოლოსათვის ბლუმბერგის მიხედვით აშშ დოლარის მიმართ ლარის კურსი 2.77-ით განისაზღვრა“, – წერია პუბლიკაციაში.

ავტორები – ოთარ ნადარაია (მთავარი ეკონომისტი), ირაკლი ჯინჭარაძე (მაკროფინანსური ანალიტიკოსი), ცოტნე მარღია (მაკროეკონომისტი) და მამია ინწკირველი – ასევე წერენ, რომ „თიბისი კაპიტალის“ გაცვლითი კურსის პროგნოზირების ჩარჩოს მიხედვით:

„წმინდა შემოდინებები კვლავ ძლიერი იქნება, ლარის საშუალო კურსის მხრივ შეფასება დიდწილად ნეიტრალურია, ხოლო ინფლაციის კუთხით პროგნოზი ნეგატიურია, რადგანაც უკვე აგვისტოში, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებითაც კი, წინა თვესთან მიმართებაში დეფლაცია უნდა დაფიქსირდეს“.

ეკონომისტები ხაზს უსვამენ ლარის კურსის სეზონურობასაც და განმარტავენ, რომ ვალუტის წმინდა შემოდინების კუთხით, სეზონურობის არგუმენტები არსებობს, მაგრამ თუკი ბაზრის მონაწილეები ამის შესახებ ინფორმირებული არიან, – რაც, მათი აზრით, დიდწილად სწორედ ასეა, – ლარის სეზონურ მერყეობას სულ მცირე ნაკლებად ექნება ადგილი.

„მართლაც, არაა გამორიცხული, რომ „პარასკევის ავარდნა“, გარდა ლარის გარკვეულწილად ზედმეტად გამყარების აღქმისა, რასაც ეროვნული ბანკის ინტერვენციებიც განაპირობებს, მე-4 კვარტალში სეზონური გაუფასურების მოლოდინმაც გამოიწვია. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ კურსის სეზონურობა მის მიმდინარე დინამიკაში უკვე რამდენადმე მაინც გათვალისწინებულია“, – მიიჩნევენ ისინი.

რას უნდა ველოდოთ წლის ბოლოსთვის?

თიბისი კაპიტალის მოდელის მიხედვით შეფასებულ საპროგნოზო მაჩვენებლებით, 2022 წლის ბოლოსათვის ერთი აშშ დოლარი დაახლოებით 2.80 ლარი ეღირება, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ

  • ევრო/დოლარის მიმართება დაახლოებით 1.05 იქნება (ანუ 1 ევრო დაახლოებით 1.05 დოლარი ეღირება)
  • სხვა რეგიონული ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით სადღეისო ნიშნულებზე შენარჩუნდება.

„2023 წლისათვის ფსონს ევრო/დოლარის უფრო მაღალ ნიშნულზე დავდებდით, რაც ლარის ევროსთან გარკვეულწილად გაუფასურებას და დოლართან დაახლოებით იმავე დონეზე შენარჩუნებას ან, სავარაუდოდ, უფრო მეტი ალბათობით, გამყარებას გულისხმობს“, – მიიჩნევენ ნადარაია დამისი კოლეგები.

მასალების გადაბეჭდვის წესი