NGO-ებზე შეტევით ხელისუფლება აქცენტების გადატანას ცდილობს – ვერძეული

“ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული მიიჩნევს, რომ არასამთავრობო სექტორზე ორგანიზებული შეტევით მმართველი გუნდი ბოლოდროინდელი მოვლენებიდან აქცენტების გადატანას ცდილობს.

“არასწორია, როდესაც მმართველი პოლიტიკური გუნდი ნაცვლად იმისა, რომ დამაჯერებელ პასუხებს სცემდეს იმ შეკითხვებს, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ისმის კორუფციასთან, არაფორმალურ მმართველობასთან თუ დემოკრატიული მმართველობის კრიზისთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე საუბარს გვთავაზობს. ეს არის, ერთი მხრივ, დისკრედიტაციის მცდელობა, მეორე მხრივ, აქცენტების გადატანა და მტრის ხატის შექმნა”, – უთხრა ვერძეულმა “ნეტგაზეთს”.

ხელისუფლების, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის და იუსტიციის მინისტრის კრიტიკის ფორმები ვერძეულისთვის სიახლეს არ წარმოადგენს და ფიქრობს, რომ “ისტერიაზე აყოლა” არ ღირს.

“ჩემთვის მნიშვნელოვანია შინაარსი, რას გვეუბნება ხელისუფლება ამ რამდენიმედღიანი მძიმე კრიტიკული ვითარების ფონზე – გვეუბნება, რომ თვითონ ვერ ხედავს გამოძიების საჭიროებას, ამასთან, გვეუბნებიან, რომ დაველოდოთ ჩანაწერების ავთენტურობის დადგენას და გამოძიებას. ამ დროს ბოლო წლების ვერცერთ საქმეზე ვერ მიგვითითებენ, რომელშიც მმართველი გუნდის ან მათთან დაკავშირებული პირები ფიგურირებდნენ და ეს საქმე გამოძიებული და ბოლომდე მიყვანილია. აბსურდია, ველოდოთ საქმის გამოძიებას, ვიდრე კრიტიკას გავაჟღერებთ, მაშინ, როდესაც ვერც ერთ სხვა საქმეს ვერ გავიხსენებთ, სადაც გამოძიება დასრულებულია”, – დასძინა ვერძეულმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში “აბსოლუტურად არასერიოზულად” შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება “ომეგა ჯგუფის” თემასთან დაკავშირებით და მათ უწოდა “13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული შეხედულებები”.

13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის “საერთაშორისო გამჭვირვალობამ”, ღია საზოგადოების ფონდმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 1 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობენ, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არაფორმალური მეთოდებითა და კრიმინალების დახმარებით მმართველობაზე მიუთითებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი