ახალი ამბები

სარალიძე და მაჩალიკაშვილი გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიას შეუერთდნენ

29 სექტემბერი, 2018 • 6458
სარალიძე და მაჩალიკაშვილი გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიას შეუერთდნენ

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლებმაც სექტემბრიდან ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით განაახლეს აქციები, პოლიტიკური გაერთიანების, “ძალა ერთობაშია”, საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ.

29 სექტემბერს თბილისში, ფილარმონიაში მაჩალიკაშვილმა და სარალიძემ მხარდაჭერა გამოუცხადეს ვაშაძეს.

სამი დღით ადრე, 26 სექტემბერს, სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა თავიანთ აქციებზე ყველა პოლიტიკური პარტია მიიწვიეს და მხარდაჭერა სთხოვეს. თუმცა მათთან მხოლოდ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი, გიორგი ვაშაძე, ზაალ უდუმაშვილი და “ევროპული საქართველოდან” ოთარ კახიძე მივიდნენ.


ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ და პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ აქციები 11 სექტემბერს გაანაახლეს.

ისინი მაისსა და ივნისში გამართული მრავალათასიანი აქციების შემდეგ კვლავ ხელისუფლების გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ ხნის მანძილზე ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა საქმეების გამოსაძიებლად და დამნაშავე პირების დასასჯელად.

მაშინ გამართული აქციების შედეგად საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის დასკვნაც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მომუშავე საგამოძიებო კომისიის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ოპოზიციის მიერ მომზადებულ დასკვნას,  თუმცა ცალკე დასკვნა გამოაქვეყნა “ქართულმა ოცნებამ”.

ოპოზიცია საკუთარ დასკვნაში გამოძიების მიმდინარეობისას გამოვლენილ მთელ რიგ ხარვეზებზე საუბრობს და ორი მინისტრის – თეა წულუკიანისა და გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.

საგამოძიებო კომისიის დასკვნას ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მოყოლია. ზაზა სარალიძე “ოცნების” დასკვნას სამარცხვინო უწოდა:

“ქართულმა ოცნებამ” წარმოაჩინა ისე, თითქოს მე ვინტერესდებოდი მხოლოდ და მხოლოდ იმით, თუ ვინ დაანგრია ფარდული, ვინ გაღუნა დანა და რატომ მფარველობდნენ სუბელიანს. სამარცხვინოა მათი ეს დასკვნა. ეს არც კი უნდა გაეფიქრებინათ იქიდან გამომდინარე, რომ აქ არის ყველაზე მთავარი მიზანი და მიზეზი: ვინ მოკლა დავით სარალიძე?”.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც მიიჩნევს, რომ როგორც დავით სარალიძის, ასევე მისი შვილის მკვლელებს ხელისუფლება ხელს აფარებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი