ახალი ამბები

ახალი სკანდალური აუდიო-ჩანაწერი ომეგას საქმეზე

24 სექტემბერი, 2018 • 3044
ახალი სკანდალური აუდიო-ჩანაწერი ომეგას საქმეზე

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა დღეს “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებულ საკითხზე კიდევ ორი სკანადლური ჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით არაა დადასტურებული. ჩანაწერების მიხედვით, თამბაქოს ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს მმართველი პარტიისთვის ფულის გადახდას, ასევე, საარჩევნო კამპანიების დაფინანსებას სთხოვდნენ.

პირველ ჩანაწერში, სავარაუდოდ, “თბილისის თამბაქოს” დირექტორი, ლექსო ანდრიაძე “ომეგას” მენეჯმენტის ერთ-ერთ წარმომადგენელს ესაუბრება, ხოლო მეორეში- “თბილისის თამბაქოს” აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილი  “ომეგას” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს.

აუდიოჩანაწერებში საუბარია ქართული და უცხოური სიგარეტების კომპანიების მხრიდან გარკვეული თანხების გადარიცხვაზე “ქართული ოცნების” სალაროში. სავარაუდოდ, ირაკლი ჩუბინიშვილი ზაზა ოქუაშვილს უხსნის სქემას, რომლის მიხედვითაც თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრს მმართველი პარტიისთვის იხდიან.

სავარაუდოდ, ირაკლი ჩუბინიშვილი ზაზა ოქუაშვილს ეუბნება, რომ “ყველას უწევს ამ თანხის გადახდა”.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ფარული ჩანაწერიდან ასევე ირკვევა, რომ თანხა განკუთვნილი იყო კონკრეტულად 2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის. სავარაუდოდ, ირაკლი ჩუბინიშვილი ამბობს, რომ ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერშიც მოუწიათ თანხის მიტანა, ახლა კი უფრო მეტი თანხის მიტანა არჩევნების გამო სთხოვეს.

  • ნეტგაზეთი ირაკლი ჩუბინიშვილთან დაკავშირებას შეეცადა აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად, თუმცა, როგორც “თბილისი თამბაქოს” წარმომადგენელმა გვითხრა, მათი ხელმძღვანელი დაკავებული იყო. ჩუბინიშვილი განცხადებას, სავარაუდოდ, ხვალ დილით გააკეთებს.

დღესვე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ტელეკომპანია “იბერიის” თემა და შესაძლო კორუფციული გარიგებები  დაპირისპირების მიზეზი გახდა, სადაც “ომეგა ჯგუფის” საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ აუდიოჩანაწერებზე ისაუბრეს.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, გიორგი ლომიამ მმართველ გუნდის იმ ჩანაწერების ახსნა-განმარტებისკენ მოუწოდა, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, ხელისუფლების წევრების მხრიდან ბიზნესზე რეკეტი ხორციელდება, რაშიც უშუალოდ მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ. გიორგი ლომია უმრავლესობის კომენტარით დაინტერესდა ამ საკითხთან დაკავშირებით.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, აუდიოჩანაწერების გავრცელება კონკრეტული ადამიანების ინტერესში შედის და მმართველი პარტიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

“ვისი სტილიც არის, ვიცით და საეჭვოდ ემთხვევა ასევე ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საარჩევნო პროცესებს. კიდევ ერთხელ, 2-2 კაცი გაუგებარია, რატომ, როგორ, ახსენებს “ქართულ ოცნებას”, ახდენს დისკრედიტაციას. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებშია, რომ იმ ძალებს, რომლებიც მიჩვეული არიან ასეთ რაღაცებს, გაეცეს პასუხი გამოძიების მხრიდან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ საპარალემენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ისინი “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, ეს ფაილები ადასტურებს, რომ სახელმწიფოს არა მთავრობა, არამედ კლანები მართავენ.

შეგახსენებთ, რომ “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებით ბოლო ორ კვირის განმავლობაში რამდენიმე ფარული ჩანაწერი გავრცელდა, რომელსაც პროკურატურა სწავლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი