რუსული ეკლესია. ფოტო: EPA/WALLACE WOON

რუსეთის ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოსთან კავშირებს წყვეტს

უკრაინის ავტოკეფალიის საკითხის გარშემო გაჩენილი დაპირისპირების ფონზე, რუსეთის ეკლესია კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსთან რიგ კავშირებს წყვეტს. ამის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მოსკოვის საპატრიარქოს საეკლესიო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის, მიტროპოლიტ ილარიონის თქმით, რუსეთის ეკლესია კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ლოცვებში აღარ მოიხსენიებს. ასევე, მოსკოვი კავშირებს წყვეტს კონსტანტინოპოლის ყველა წარმომადგენლობასთან და მათ იერარქებთან თანამსახურებას აჩერებს.

მისი განცხადებით, მოსკოვის საპატრიარქოს გადაწყვეტილების მიზეზი კონსტანტინოპოლის მიერ უკრაინის ეკლესიაში ორი ეგზარქოსის გაგზავნა გახდა. ილარიონმა აღნიშნულს “მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრა” უწოდა. მისი თქმით, მსოფლიო საპატრიარქო ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას ჩქარობს, რადგან სურს, პროცესი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თანამდებობაზე ყოფნისას დაასრულოს.

კავშირების გაწყვეტის მიუხედავად, ეკლესიებს შორის ევქარისტული ერთობა რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთის წიაღში აღსრულებულ ზიარების რიტუალს კვლავ ქმედითად ჩათვლიან.

“არ ვფიქრობ, რომ ყოველივე ეს საბოლოოდ ხურავს დიალოგის კარს, მაგრამ ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება – ეს სიგნალია კონსტანტინოპოლის პატრიარქისთვის იმაზე, რომ თუ მსგავსი ქმედებები გაგრძელდება, იძულებულნი ვიქნებით, გავწყვიტოთ ევქარისტიული ერთობა”, – აღნიშნა ილარიონმა.

ბრიფინგს წინ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის კრება უძღოდა, რომელსაც მისი ყველა წევრი ესწრებოდა. სხდომის მთავარი განსახილველი თემა სწორედ უკრაინის ეკლესიის გარშემო განვითარებული მოვლენები იყო.

გადაწყვეტილებამდე 2 კვირით ადრე, 31 აგვისტოს, რუსეთის პატრიარქი კირილი და კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ერთმანეთს სტამბოლში შეხვდნენ. საფრანგეთის მიტროპოლიტი მიტროპოლიტი ემანუელი, რომელიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე შექმნილ კომისიაში შედის, ამბობდა, რომ აღნიშნული საკითხი კონსტანტინოპოლის მიერ უკვე გადაწყვეტილი იყო.

“[მსოფლიო] პატრიარქმა [კირილთან] პირისპირ შეხვედრაზე გაიმეორა, რომ ეკუმენურ საპატრიარქოს გადაწყვეტილება მიღებულია და უკან დახევას არ ვაპირებთ”, – აცხადებდა მიტროპოლიტი.

უკრაინისა და რუსეთის ეკლესიები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაიყო, როდესაც უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, კიევის საპატრიარქო პატრიარქ ფილარეტის მეთაურობით დე ფაქტო დამოუკიდებლად არსებობს, თუმცა მას არ სცნობენ ოფიციალურად არც გავლენიანი რუსეთის საპატრიარქო და არც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ვითარება ეკლესიებს შორის, განსაკუთრებით 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ დაიძაბა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან