მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა კიევ-პეჩერის ლავრაზე რუსეთის თავდასხმა დაგმო და მომხდარს ბარბაროსული უწოდა.
„მსოფლიო საპატრიარქო ღრმა მწუხარებასა და იმედგაცრუებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის მიერ კიევ-პეჩერის ისტორიულ ლავრაზე განხორციელებული მიუღებელი სარაკეტო თავდასხმის გამო და კატეგორიულად გმობს მას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა თავდასხმას ქრისტიანობის საერთო რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის წმინდა და სიმბოლურ ძეგლებზე.
ვერანაირი არგუმენტი და ვერცერთი გონიერი ადამიანი ვერ გაამართლებს ამ ბარბაროსულ, გამანადგურებელ თავდასხმას ისეთ წმინდა სალოცავზე, როგორიც არის ხანგრძლივი ისტორიისა და ტრადიციების მქონე, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი — კიევ-პეჩერის ლავრა.
მისი ყოვლადუწმინდესობა, მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ტელეფონით ესაუბრა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს, მის უნეტარესობა ეპიფანეს. უწმინდესმა ბართლომემ შეშფოთება გამოთქვა რუსული აგრესიის გამო და მრავალტანჯულ უკრაინელ ხალხს დედაეკლესიისა და პირადად თავისი სრული მხარდაჭერა დაუდასტურა. მან თანაგრძნობა გამოხატა თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ახლობლებისა და დაშავებულების მიმართ“, – ნათქვამია მსოფლიო საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსოფლიო საპატრიარქოს ცნობით, პატრიარქი ბართლომეოსი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც ესაუბრა.
„მსოფლიო პატრიარქი, მისი ყოვლადუწმინდესობა ბართლომე ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და დაგმო რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ისტორიულ კიევ-პეჩერის ლავრაზე.
მისმა ყოვლადუწმინდესობამ მომხდარს ბარბაროსობისა და უპატივცემულობის აქტი უწოდა და პრეზიდენტს სთხოვა, ომით დაზარალებულ უკრაინელ ხალხს მისი მტკიცე სოლიდარობა გადასცეს“, – ნათქვამია მსოფლიო საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
