ხორავას მკვლელობაზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულის საქმის განხილვა იწყება

11 სექტემბერს 11:00 საათიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში იწყება ხორავას საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ის საქმის არსებითი განხილვა.

სასამართლო სხდომა დახურულია.

დ.ღ. 19 ივლისს ივლისს დააკავეს ხორავას ქუჩაზე მომხდარე მკვლელობაზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით; გამოძიებამ მისი დაკავებისას განაცხადა, რომ იგი უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს.

ზაზა სარალიძე, ჩხუბში მოკლული დავით სარალიძის მამა, რომელმაც გუშინდელი დღიდან საპროტესტო აქციები განაახლა, სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.

11 სექტემბრის დილას მან ნეტგაზეთის რეპორტიორისგან გაიგო სასამართლოს შესახებ. წესით, მოწმის სახითაც უნდა გამოვეძახებინეთ, თუმცა არც ვიცოდი, რომ პროცესი იყო ჩანიშნულიო, გვითხრა მან.

დავით სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი — პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა — მხარდამჭერებს მოუწოდებენ, დღეს, საღამოს 7 საათიდან კვლავ შეუერთდნენ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე.


ისინი, მაისსა და ივნისში გამართული მრავალათასიანი აქციების შემდეგ, კვლავ ხელისუფლების გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ ხნის მანძილზე ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა საქმეების გამოსაძიებლად და დამნაშავე პირების დასასჯელად.

მაშინ გამართული აქციების შედეგად საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის დასკვნაც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მომუშავე საგამოძიებო კომისიის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ოპოზიციის მიერ მომზადებულ დასკვნას,  თუმცა ცალკე დასკვნა გამოაქვეყნა “ქართულმა ოცნებამ”.

ოპოზიცია საკუთარ დასკვნაში გამოძიების მიმდინარეობისას გამოვლენილ მთელ რიგ ხარვეზებზე საუბრობს და ორი მინისტრის – თეა წულუკიანისა და გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.

საგამოძიებო კომისიის დასკვნას ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. ზაზა სარალიძე “ოცნების” დასკვნას სამარცხვინო უწოდა:

“ქართულმა ოცნებამ” წარმოაჩინა ისე, თითქოს მე ვინტერესდებოდი მხოლოდ და მხოლოდ იმით, თუ ვინ დაანგრია ფარდული, ვინ გაღუნა დანა და რატომ მფარველობდნენ სუბელიანს. სამარცხვინოა მათი ეს დასკვნა. ეს არც კი უნდა გაეფიქრებინათ იქიდან გამომდინარე, რომ აქ არის ყველაზე მთავარი მიზანი და მიზეზი: ვინ მოკლა დავით სარალიძე?”.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც მიიჩნევს, რომ როგორც დავით სარალიძის, ასევე მისი შვილის მკვლელებს ხელისუფლება ხელს აფარებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


მიხეილ გვაძაბია; ლუკა პერტაია