ახალი ამბები

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აშშ–ის 300–ზე მეტი მედიასაშუალება გაერთიანდა

16 აგვისტო, 2018 • 3005
დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აშშ–ის 300–ზე მეტი მედიასაშუალება გაერთიანდა

300–ზე მეტმა მედიაგამოცემამ ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით წამოიწყო კამპანია, რომლითაც აპროტესტებენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მედია “ხალხის მტერია”.

BBC–ის ცნობით, ჰეშთეგ კამპანიის #არავისმტერი წამოწყების ინიციატივით გაზეთი Boston Globe გამოვიდა. გასულ კვირას  გაზეთმა აშშ–ში მოქმედ მედიაგამოცემებს მოუწოდა, რომ საპასუხო ნაბიჯი გადაედგათ ტრამპის “ბინძური ომის” წინააღმდეგ.

დონალდ ტრამპმა მედია დაადანაშაულა სიცრუის გავრცელებაში  და მათ ხალხის მტრები უწოდა. გაეროს ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ეს განცხადებები ჟურნალისტების მიმართ თავდასხმებს გაზრდის.

თავდაპირველად  Boston Globe–ის ინიციატივას 100 გამოცემა გამოეხმაურა, შემდეგ კი მათმა რიცხვმა 300–ს გადააჭარბა. კამპანიაში ჩაერთვნენ აშშ–ის სხვა მთავარი გაზეთები და ადგილობრივი მცირე გამოცემები. კამპანიაში ჩაერთო ბრიტანული გამოცემა The Guardian–იც.

გაზეთმა Boston Globe–მა პირველმა გამოაქვეყნა სტატია “ჟურნალისტები არ არიან მტრები”, სადაც მიუთითა, რომ 200 წელია, რაც თავისუფალი პრესა ამერიკული დემოკრატიის საფუძველია.

The New York Times–მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით “თავისუფალ პრესას სჭირდები”, სადაც ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ტრამპის თავდასხმები დემოკრატიისთვის სახიფათოა.

The New York Post–მა სტატიაში “ვინ ვართ ჩვენ, რომ არ დაგეთანხმოთ?!” განაცხადა, რომ უსიამოვნო სიმართლის წერა სიცრუის გავრცელება არაა, ხოლო ჟურნალისტობა არ არის პოპულარობის კონკურსი.

დონალდ ტრამპი პრეზიდენტად არჩევის დღიდან მედიას თავს ესხმის და მათ სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი თავდასხმები ტრამპის მხრიდან მისი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილიც იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი