სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს “ტვინის განძრევისკენ” მოუწოდებს

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 15 აგვისტოს, ჟურნალისტებს “ტვინის განძრევისკენ” მოუწოდა. აღნიშნული ზურაბიშვილმა მას შემდეგ თქვა, რაც ჟურნალისტებმა პრეზიდენტობის კანდიდატს კითხვები დაუსვეს პრეზიდენტის ავლაბრის სასახლესთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილის კომენტარის ამსახველ ვიდეოს ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს. ნეტგაზეთი მის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ [სტილი დაცულია]:

“უკვე არის ნათქვამი და ცოტა ჟურნალისტებმა ტვინიც გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი. მე ვთქვი, რომ ჩემთვის არის სრულიად შესატყვისი იმ ახალი პრეზიდენტისთვის, ქალი პრეზიდენტისთვის, არის სრულიად შესატყვისი ის ორბელიანების სასახლე, რომელსაც აქვს სხვა დატვირთვა ჩემთვის პირადად. მე ძალიან კომფორტაბილურად ვგრძნობ თავს ასეთ ტიპის სასახლეში და მეორე ისიც ვთქვი, რომ მე ჩემს სახლში ვიცხოვრებ, ჩემ სახლიდან ფეხით ვივლი და ესეც არის ახალი ფორმა პრეზიდენტობის. ამიტომ მზად ვარ, რომ ყველაფერი გავიმეორო, მაგრამ რომ ნათქვამი მაქვს, ისიც მართალი არის, რომ ნათქვამი მაქვს”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

რამდენიმე დღის წინ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ავლაბრის რეზიდენციაზე უარს იტყვის.

“ეს რეზიდენცია სახელმწიფო სიმბოლოა და იქ უნდა შევიდეს  პრემიერი ან საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს საკითხი მთავრობის გადასაწყვეტია. პრეზიდენტი იმ რეზიდენციაში აღარ უნდა იყოს. პრეზიდენტი ისეთ ადგილას უნდა მუშაობდეს, რომელიც მისი ფუნქციების შესაბამისი იქნება”, – მიიჩნევს სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა 6 აგვისტოს საპრეზიდნეტო არჩევნებში დააყენა თავისი კანდიდატურა. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას “ქართულ ოცნება” არ აპირებს. მათ ჯერ არ უთქვამთ, ღიად დაუჭერენ თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილს, თუმცა “ოცნების” არაერთმა წევრმა ეს მხარდაჭერა ირიბად გამოხატა. საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან