ვიდეო ▶ მოქალაქეებმა კალაძის ნიღბებით მოსკოვის გამზირს ტატუნაშვილის სახელი “დაარქვეს”

წუხელ, უცნობმა აქტივისტებმა, რომლებსაც თბილისის მერის, კახა კალაძის ნიღბები ეკეთათ, მოსკოვის გამზირს არჩილ ტატუნაშვილის სახელი “დაარქვეს”. მოქალაქეთა ჯგუფმა ამ ფორმით თბილისის მერისა და საკრებულოს მიერ ათასობით ადამიანის მოთხოვნის უგულვებელყოფა გააპროტესტა.

უცნობმა სამოქალაქო აქტივისტებმა მოსკოვის გამზირის N1 ჩამოხსნეს და მის ნაცვლად არჩილ ტატუნაშვილის ქუჩის ბანერი დაამაგრეს, ხოლო მანამდე დედაქალაქის მერის “სახეებითა და სახელით” ბრიფინგი გამართეს:

“მოგესალმებით, ჩემო თბილისელებო. ჩვენ ახლა ვიმყოფებით მოსკოვის გამზირზე. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ოკუპაციის პირობებშიც კი ამ ქუჩას ქალაქის არცერთმა ხელმძღვანელობამ სახელი არ შეუცვალა. მიხარია, რომ მე და ჩემი გუნდი ვიქნებით პირველები, ვინც მოუსმენს ქართველი ხალხის აზრს, გაითვალისწინებს მრავალრიცხოვანი პეტიციის შედეგს და დღეიდან ამ ქუჩას დაერმქევა არჩილ ტატუნაშვილის სახელი.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, თბილისის მერია, ვუერთდებით 7 აგვისტოს 19:00 საათზე რუსეთის საელჩოსთან დაგეგმილ აქციას, რომელიც ოკუპაციის თემას მიეძღვნება,” – განაცხადა ერთ-ერთმა კალაძის ნიღბიანმა აქტივისტმა.

აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ამავე ჯგუფმა ფეისბუკზე გააკეთა გვერდი და დაგეგმა საპროტესტო აქცია რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, სადაც 7 აგვისტოს 19:00 საათზე შეიკრიბებიან და ოკუპაციას გააპროტესტებენ. ღონისძიების ლინკი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

“მოსკოვის გამზირზს დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი” – ამ სახელწოდების პეტიცია 21 მარტს, Manifest. ge-ზე შეიქმნა და მალვე 10 ათასი ხელმოწერა მოაგროვა. პეტიციის ადრესატი თბილისის მერიაა.

“მოსკოვის გამზირს დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი. არჩილ ტატუნაშვილის ქუჩა, ყველაზე ლამაზი გახდება მთელს დედაქალაქში და იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ ლამაზდება ჩვენი ქვეყანა მაშინ, როცა მოსკოვის გავლენიდან გამოდის,” – წერია პეტიციაში.

მსგავსი შინაარსის პეტიცია გიორგი თოფურიამ თბილისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-საიტზე, პროექტის, “შენი იდეა ქალაქის მერს”, ფარგლებში შექმნა. როგორც აღნიშნულ ბმულზე ვკითხულობთ, ინიციატივის პირველადი განხილვა 1 აპრილისთვის დაინიშნა.

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომიტეტის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა 22 მარტს ნეტგაზეთს განუცხადა, კომისია მოსკოვის გამზირისთვის სახელის შეცვლაზე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებამდეც მსჯელობდა, თუმცა, ამ დრომდე ერთიან ვარიანტზე კომისია ვერ შეჯერდა.

  • არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ნეტგაზეთის სიახლეები იხილეთ ამ ბმულზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.