“მოსკოვის გამზირს დაერქვას ტატუნაშვილის სახელი” – პეტიციას 1000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს

“მოსკოვის გამზირზს დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი” – ამ სახელწოდების პეტიცია გუშინ, 21 მარტს, Manifest. ge-ზე შეიქმნა. 22 მარტის 11 საათის მდგომარეობით, მას უკვე 1000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. პეტიციის ადრესატი თბილისის მერიაა.

“მოსკოვის გამზირს დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი. არჩილ ტატუნაშვილის ქუჩა, ყველაზე ლამაზი გახდება მთელს დედაქალაქში და იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ ლამაზდება ჩვენი ქვეყანა მაშინ, როცა მოსკოვის გავლენიდან გამოდის,” – წერს პეტიციის ავტორი ლადო გოგოლაძე.

მსგავსი შინაარსის პეტიცია გიორგი თოფურიამ თბილისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებსაიტზე, პროექტის, “შენი იდეა ქალაქის მერს”, ფარგლებში შექმნა. როგორც აღნიშნულ ბმულზე ვკითხულობთ, ინიციატივის პირველადი განხილვა 1 აპრილისთვის დაინიშნა.


არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს გუშინ, 20 მარტს, წითელი ჯვრის მისიის შუამავლობით გადასცეს. მას ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში ჩაუტარდა. როგორც წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია” არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ტატუნაშვილის სხეულზე წამების კვალი აღინიშნება.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭირო. ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა თითქმის ერთი თვე გაჭიანურდა. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული იმიტომ გაკეთდა, რომ მისთვის ექსპერტიზის ჩატარება გართულებულიყო.

ოსური მხარის ცნობით, “რუსულმა დამოუკიდებელებმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ტატუნაშვილი მწვავე გულის უკმარისობისგან გარდაიცვალა, და გარდა ამისა, მას ჰქონდა ღვიძლის ციროზი და ქრონიკული ჰეპატიტი. ასევე, მის სხეულზე, ქვედა და ზედა კიდურებზე აღინიშნება იარები და ჩალურჯებები, რომელიც ჯანმრთელობისთვის მიყენებულ მსუბუქ დაზიანებად კვალიფიცირდება”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან