ახალი ამბები

ჭუბერში წყალდიდობით დაზარალებულ ბავშვს ქალი საკუთარი ხელით მომზადებულ თოჯინას უგზავნის

20 ივლისი, 2018 • 5880
ჭუბერში წყალდიდობით დაზარალებულ ბავშვს ქალი საკუთარი ხელით მომზადებულ თოჯინას უგზავნის

ჭუბერში მცხოვრებ გოგოს, რომელსაც სათამაშო თოჯინა წყალდიდობამ წაართვა, თბილისში მცხოვრები ნაირა გოგინაშვილი საკუთარი ხელით მოქსოვილ თოჯინას გაუგზავნის.

როგორც ის “ნეტგაზეთს” უყვება, სტიქიით დაზარალებული ბავშვის მოძებნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სოციალურ ქსელში მისი თოჯინის ფოტოს გადააწყდა. “პირველი არხის” ფოტოგრაფის, ირაკლი გედენიძის მიერ გადაღებულ ფოტოზე ჩანს, თუ როგორ მიაქვს ადიდებულ ნენსკრას სათამაშო. ნაირა გოგინაშვილმა სვანეთში მცხოვრები მეგობრის მეშვეობით გაარკვია, რომ თოჯინა 5 წლის ნინოს ეკუთვნოდა.

წყალდიდობა ჭუბერში. ფოტო: ირაკლი გედენიძე/პირველი არხი

“ტელევიზიით ვნახე, როგორ დაენგრა ამ ოჯახს სახლი. უცებ, “ფეისბუქის” თვალიერებისას თოჯინა რომ მომხვდა თვალში, შიგნიდან ვიგრძენი, როგორ ეტკინა იმ ბავშვს. მინდა, რომ ის კი არ ახსოვდეს, როგორ დაენგრა სახლი, არამედ ის, როგორ აჩუქა უცნობმა დეიდამ თოჯინა, რომელსაც მთელი ცხოვრება გაუფრთხილდება. მინდოდა, ტკივილი დამევიწყებინა იმ ბავშვისთვის”, – უთხრა მან “ნეტგაზეთს”.

თოჯინა, რომელიც ნაირა გოგინაშვილმა წყალდიდობით დაზარალებულ ბავშვს მოუქსოვა

ნაირა გოგინაშვილი ბოლო 3 წელია თოჯინებს აკეთებს. მისი თქმით, არცერთი მათგანი ერთმანეთს არ ჰგავს:

“ისე მოხდა, რომ მხატვრობა მქონდა მიტოვებული და მომინდა, დამეწყო რაიმე, სადაც მხატვრული ელემენტიც იქნებოდა და სხვა ყველაფერი ერთად. ასე დავიწყე თოჯინების გაკეთება. მაგრამ ჩემი თოჯინებიდან არცერთი ერთმანეთს არ ჰგავს და ვერასდროს ვიმეტებ, რომ ვინმეს მივცე. ახლა ხატვას ისევ დავუბრუნდი და შემოდგომით მინდა გამოფენის გაკეთება. თოჯინებიც იქნება და ნახატებიც”.

სტიქია ჭუბერში მიმდინარე წლის 5 ივლისს მოხდა. ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ ჭუბერის თემის რამდენიმე სოფელი დატბორა. ღვარცოფის შედეგად განადგურდა ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ხიდები და გზები. სახლების დიდი ნაწილი დაიტბორა, მდინარის კალაპოტთან ახლოს მდებარე რამდენიმე სახლი კი მთლიანად დაინგრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი