ახალი ამბები

რა ვიცით ჭუბერში მომხდარ სტიქიაზე – მოკლედ

5 ივლისი, 2018 • 3946
რა ვიცით ჭუბერში მომხდარ სტიქიაზე – მოკლედ

სვანეთში, სოფელ ჭუბერთან მდინარე ნენსკრა ადიდდა. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ ამ დროისთვის არსებულ ყველა ინფორმაციას, რაც სტიქიის შესახებაა ცნობილი.

მდინარის ადიდება მთის ჩამოშლამ განაპირობა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მდინარის ადიდება მთის ჩამოშლამ გამოიწვია. “ნეტგაზეთი” ადგილობრივებსაც ესაუბრა. როგორც ხატია მაღლაფერიძე ამბობს, ძლიერი წვიმა ჭუბერში გუშინ დაიწყო. მდინარე კი დღეს, 7 ივლისს, დღის მეორე ნახევარში ადიდდა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო 5 ხიდი

მესტიის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გვანცა ჯაფარიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ადიდებულმა მდინარემ თემში არსებული 5 ხიდი წაიღო. სტიქიამ საგზაო ინფრასტრუქტურაც დააზიანა. ადიდებული ნენსკრა კალაპოტიდან გადმოვიდა და ჭუბერის ცენტრიც დატბორა. 

გარესამყაროს მოწყვეტილია ჭუბერის თემის ათივე სოფელი

ჭუბერის თემის სოფლებში, მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, 950-მდე ადამიანი ცხოვრობს. იმის გამო, რომ მდინარემ თემის სოფლებში არსებული ხიდები წაიღო, ჭუბერის თემის ათივე სოფელი გარესამყაროს მოწყდა. როგორც მესტიის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ამბობს, ხეობის მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, თუმცა სატელეფონო კომუნიკაცია მოსახლეობასთან ხერხდება.

ძირითადი ზარალი საკარმიდამო ნაკვეთებს მიადგა

ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ძირითადი ზარალი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს მიადგა. დატბორილია სახლებიც, თუმცა ზარალის ზუსტი ოდენობა ამ დროისთვის დათვლილი არაა. ადგილობრივებმა “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ადიდებულმა ნენსკრამ წაიღო პირუტყვის სადგომები, დაზიანდა სახლებიც.

რამ გამოიწვია სტიქია სვანეთში

სვანეთში მდინარე იმ ხეობაში ადიდდა, სადაც “ნენსკრა ჰიდრო” ნენსკრაჰესს აშენებს. გარემოს ეროვნულ სააგენტოში სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. სააგენტოს განცხადებით, გეოლოგები და ჰიდროლოგები სვანეთში გაგზავნეს მიზეზების შესასწავლად.

სტიქიის გამომწვევ მიზეზებთან ჰესის მშენებლობის კავშირს გამორიცხავს კომპანია, რომელიც ნენსკრაჰესს აშენებს. “ნენსკრა ჰიდროში” აცხადებენ, რომ 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ნენსკრა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები არის სრულიად გაჩერებული. “ნენსკრა ჰიდროს” განცხადებით, აღნიშნული სამუშაოები გულისხმობდა მხოლოდ არსებული გზების და ხიდების რეაბილიტაციას.

ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება

არც საგანგებო სიტუაციების სამსახური და არც მესტიის მერია ამ დროისთვის არ ფლობს. მსხვერპლის შესაბ ინფორმაციას 

სტიქიის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა იხილეთ ბმულზე:

სტიქია ჭუბერში – ყველა ფოტო და ვიდეო ერთად

მასალების გადაბეჭდვის წესი