ახალი ამბები

ტრამპის გიგანტური ბუშტი, მისი ვიზიტის პარალელურად, ლონდონის თავზე დაფრინავს

13 ივლისი, 2018 • 1730
ტრამპის გიგანტური ბუშტი, მისი ვიზიტის პარალელურად, ლონდონის თავზე დაფრინავს

ლონდონის თავზე აქტივისტებმა გიგანტური ბუშტი, სახელად “პატარა ტრამპი”, უკვე გაუშვეს. ექვსმეტრიანი ბუშტი ბრიტანეთის პარლამენტის მიმდებარედ აშშ-ის პრეზიდენტის ქვეყანაში ვიზიტის პარალელურად დაფრინავს.

დონალდ ტრამპის გამოსახულებიან ფიგურას გაბრაზებული სახე აქვს და პამპერსი აცვია, ხელში კი მობილური ტელეფონი უჭირავს. ბუშტს 30 მეტრის სიმაღლეზე აუშვებენ და ჰაერში 2 საათის  განმავლობაში იფრენს.

როგორც ორიგინალური პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, როი მურიმ CNN-ს განუცხადა, აქტივისტები ტრამპს იმ ენაზე ესაუბრებიან, რომელიც მას ესმის.

სპეციალური ნებართვა, რომელიც ბუშტის გაშვებას სჭირდებოდა, ლონდონის მერმა, სადიქ ხანმა, თვის დასაწყისში გასცა. ფიგურის დასამზადებლად და გასაშვებად საჭირო თანხა, 30 000 ფუნტი კი აქტივისტებმა ინტერნეტით შეაგროვეს. პროცესში მონაწილეობა, ჯამში, 1 900-მა ადამიანმა მიიღო.

აღნიშნულის პარალელურად, ტრამპის ვიზიტის გასაპროტესტებლად ლონდონში საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. მთავარ დემონტრაციაზე, რომელიც “ფეისბუქზე” დაიგეგმა, 60 000 ადამიანი გეგმავს დასწრებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი