ახალი ამბები

ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახური გლანდების ამოჭრის ოპერაციის დაფინანსებაზე უარს ამბობს

2 ივლისი, 2018 • 6886
ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახური გლანდების ამოჭრის ოპერაციის დაფინანსებაზე უარს ამბობს

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური (NHS) ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო პროცედურების ნაწილის, მათ შორის, არაერთი ოპერაციის ჩატარების დაფინანსებას წყვეტს. გადაწყვეტილება უწყებამ ხარჯების შემცირების პროცესის ფარგლებში მიიღო.

The Guardian-ის ცნობით, NHS-ს მიაჩნია, რომ რიგი სამედიცინო პროცედურები, მათ შორის, გლანდების მოცილების ოპერაცია, ართროსკოპია და ინექცია ზურგის ტკივილის დროს, უსარგებლოა, რადგან შესაბამისი პრობლემები მათ გარეშე უკეთ შეიძლება მოგვარდეს.

ჯანდაცვის ეროვნული სამსახური პაციენტებს მოუწოდებს, უსარგებლო პროცედურების მოთხოვნისაგან თავი შეიკავონ. ე.წ. რუტინული ოპერაციები, რომელთა შორისაც ზემოაღნიშნული პროცედურებიც მოიაზრება, წელიწადში 350 000-ჯერ კეთდება, რაზეც 400 მილიონი ფუნტი იხარჯება. Guardian-ის ცნობით, სამსახურის უფროსი იმედოვნებს, რომ ამ გადაწყვეტილებით პროცედურათა რიცხვი წლიურად 100 000-ით დაიკლებს, რითაც 220 მილიონი ფუნტი დაიზოგება.

NHS-ის სამედიცინო დირექტორის, სტივ ფოუვისის თქმით, ამ მიმართულებით უწყება მუშაობას აგრძელებს.

“დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

…ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა: არის სხვა პროცედურებიც, რომლებიც ასევე უნდა მოხვდნენ ამ სიაში?”, – აღნიშნავს ის.

ამჟამად არსებული სიის მიხედვით, ბრიტანეთში შეზღუდვები შეეხება, ჯამში, 17 სამედიცინო პროცედურას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი