მსახიობი სიუზენ სარანდონი დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს

BBC-ის ცნობით, მსახიობი სიუზენ სარანდონი სენატის შენობასთან გამართული დემონსტრაციის დროს დააკავეს. სარანდონი სხვა აქტივისტებთან ერთად დონალდ ტრამპის ნულოვანი ტოლერანტობის საემიგრაციო პოლიტიკას აპროტესტებდა.

ვაშინგტონის პოლიცია აცხადებს, რომ  უკანონო აქციის ჩატარების მოტივით 575 პირი დააკავეს. აქციაზე ქალები აპროტესტებენ მთავრობის საემიგრაციო პოლიტიკას, რომლის გამოც შვილები მშობლებს დააშორეს ამერიკის სამხრეთის საზღვართან. დაგეგმილია პროტესტის გაგრძელება.

ოსკაროსანმა მსახიობმა თავისი დაპატიმრების შესახებ ტვიტერზე დაწერა. სარანდონი მანამდეც იყო დაპატიმრებული, როდესაც პოლიციელის მიერ შეუიარაღებელი აფრო-ამერიკელი თინეიჯერის მკვლელობას აპროტესტებდა.

ამჟამინდელ დემონსტრაციაზე აქციის მონაწილეებს პოსტერებზე ეწერათ “ჩვენ გვაღელვებს”. ამგვარად ისინი პირველი ლედის, მელანია ტრამპის ქურთუკს გამოეხმაურნენ, რომელზეც ეწერა “არ მაღელვებს”. ეს ქურთუკი ეცვა პირველ ლედის მაშინ, როდესაც ტეხასში მიგრანტი ბავშვების ცენტრს ესტუმრა.

მოქმედი პრაქტიკის მიხედვით, აშშ-ის სამხრეთ საზღვართან მიგრანტ ბავშვებს, მათ შორის, 18 თვის ჩვილებს, მშობლებისგან განცალკევებულად ამყოფებდნენ. ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის მიხედვით, სისხლის სამართლებრივი დევნა იწყება ყველა მიგრანტზე, რომელიც აშშ-ის საზღვარს არალეგალურად გადაკვეთს, თუნდაც ისინი თავშესაფრის მაძიებლები იყვნენ. ვინაიდან ბავშვების განთავსება ფედერალურ ციხეში არ შეიძლება, მათ მშობლებისგან აცალკევებენ და დროებით საცხოვრებელ ცენტრში უწევთ ყოფნა.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მშობლებისგან განცალკევებულ ასობით ბავშვს ცხოვრება გისოსებში უწევს და ბეტონის იატაკზე სძინავს.

5 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით 2 342 ბავშვი მოაშორეს მშობელს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com