საცურაო აუზის ფასები თბილისში

თბილისის საცურაო აუზები მომხმარებლებს არა მხოლოდ დღიურ მომსახურებას, არამედ აბონემენტებსაც სთავაზობენ. როგორც ირკვევა, ერთი ვიზიტისთვის ფასები 16 ლარიდან – 75 ლარამდე, ხოლო აბონემენტები 120 ლარიდან იწყება. არსებობს 9350-ლარიანი (წლიური) აბონემნეტებიც.

ფასების სხვაობასთან ერთად განსხვავდება ის სერვისები, რომლებსაც საცურაო აუზები მომხმარებლებს სთავაზობენ. ნეტგაზეთი დაუკავშირდა რამდენიმე საცურაო აუზს, რათა გაერკვია, დაახლოებით რა ფასშია შესაძლებელი თბილისში ცხელ დღეს აუზზე სტუმრობა.

ვაკის საცურაო აუზი. ფოტო: ფეისბუკ გვერდი

ღია აუზი ჯიქიაზე – ერთჯერადი შესვლა აუზზე სამუშაო დღეებში 16 ლარი ღირს, ხოლო შაბათ კვირას – 19. რაც შეეხება აბონემენტს, ერთთვიანი აბონემენტი, რომელიც 12 ვიზიტს გულისხმობს და არ ითვალისწინებს შაბათ-კვირას, 145 ლარი ღირს. მიუხედავად იმისა, მომხმარებელი აბონემენტით სარგებლობს თუ ერთჯერადი შემოთავაზებით, მან პირველი სტუმრობისას 5-ლარიანი სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს.

ოლიმპიურ აუზზე , რომელიც დიღომში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე იმყოფება, ერთჯერადი სტუმრობა 30 ლარი ღირს. თუმცა, როგორც აუზის ადმინისტრაციაში გვითხრეს, სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებში აღნიშნულ აუზზე 50%-იანი ფასდაკლებების გამოწერა შეიძლება. რაც შეეხება ფიქსირებულ ფასს, 8 ვიზიტი (შაბათ-კვირის ჩათვლით) 130 ლარი ღირს, 12 ვიზიტი – 160 ლარი, 1-თვიანი ვიზიტი კი – 260 ლარი. რაც შეეხება იმ აბონემენტებს, რომლებშიც შაბათ-კვირა გათვალისწინებული არ არის, 8 ვიზიტი (შაბათ-კვირის გარეშე) 95 ლარი ღირს, ხოლო 1-თვიანი აბონემენტი 160 ლარი.

საცურაო აუზი გლდანში მომხმარებლებს 8- და 12-ვიზიტიან აბონემენტებს სთავაზობს. 8-ვიზიტიანი აბონემენტით აუზზე შესვლა კვირაში 2-ჯერ შეიძლება და ის 100 ლარი ღირს, ხოლო 12-ვიზიტიანი აბონემენტით – კვირაში 3-ჯერ და მისი ფასი 120 ლარია. ამასთან, აუზზე შესასვლელად აუცილებელია 15-ლარიანი სამედიცინო შემოწმების გავლა. ერთჯერადი ვიზიტი გლდანის აუზზე 25 ლარი ღირს.

ჯინო ფერედაისის აკვაპარკი. ფოტო: ფეისბუკ გვერდი

ვაკის საცურაო აუზზე ერთჯერადი შესვლა 60 ლარი ღირს, თუმცა, სერვისში ფიტნესი და ჯაკუზიც შედის. რაც შეეხება აბონემენტებს, 1-თვიანი ულიმიტო აბონემენტი 450 ლარი ღირს. ლიმიტირებულ აბონემენტებისთვის ფასი განსხვავებულია. მაგალითად, 1-თვიანი აბონემენტი, რომელიც მხოლოდ შაბათი-კვირის ვიზიტებს ითვალისწინებს, 200 ლარი ღის, ხოლო აბონემენტი, რომლითაც აუზზე შესვლა შაბათ-კვირის გარდა ნებისმიერ დღეს დილის 7-დან 18:00-მდე შეიძლება, მომხმარებელს 300 ლარი დაუჯდება. რაც შეეხება სამედიცინო შემოწმებას, ფორმა 100-ს ადგილზე აღება 10 ლარი ღირს.

სპორტული კომპლექსის, “არენას” 1 -თვიანი აუზის ლიმიტირებული აბონემენტი (7-დან 18 საათამდე) 132 ლარი ღირს, ხოლო ულიმიტო – 168 ლარი. 8-ვიზიტიანი აბონემენტი მომხმარებელს 112 ლარი დაუჯდება, ერთჯერადი ვიზიტი კი – 30 ლარი.

აუზით სარგებლობა მომხმარებლებს სასტუმრო Holiday Inn-შიც შეუძლიათ. როგორც ნეტგაზეთს სასტუმროში განუმარტეს, ერთთვიანი აბონემენტი აუზზე, რომელშიც 8 ვიზიტი შედის, 300 ლარი ღირს, ხოლო 1-თვიანი ულიმიტო აბონემენტი – 550 ლარი. არსებობს 12-ვიზიტიანი აბონემენტიც, რომელიც 250 ლარი ღირს, თუმცა, მისით სარგებლობა მხოლოდ დილის საათებში ( 7-დან 11-მდე) არის შესაძლებელი.

Neptune-ში 12-ვიზიტიანი სტანდარტული აბონემენტი 300 ლარი ღირს, ხოლო ულიმიტო აბონემენტი – 350 ლარი. გარდა ამისა, აუზზე ტარდება აკვა აერობიკა და აკვა სპინინგი. აკვა აერობიკის აბონემენტი 12 ვიზიტზე 150 ლარი ღირს, ხოლო აკვა სპინინგის – 180 ლარი.

Club 71-ის აუზზე ერთჯერადი ვიზიტი 70 ლარი ღირს, თუმცა ამჟამად მოქმედებს ფასდაკლება და აუზზე შესვლა 45 ლარად შეიძლება. რაც შეეხება აბონემენტებს, ლიმიტირებული (პოპი) , რომელიც 1-თვიანია-  255 ლარი, 3-თვიანი – 675 ლარი, 6-თვიანი – 1302 ლარი, ხოლო 1-წლიანი 2220 ლარი ღირს. გარდა ამისა, Club 71-ს კიდევ ორი სახის აბონემენტები აქვს. ულიმიტო აბონემენტების ფასები შემდეგნაირია: 1 თვე – 355 ლარი,  3 თვე – 920 ლარი, 6 თვე – 1790 ლარი, ხოლო 1-წლიანი აბონემენტი – 3265. რაც შეეხება “სოლო” აბონემენტს, აღნიშნულით სარგებლობა 1 თვის განმავლობაში 1300 ლარი ღირს, ხოლო 1 წლის განმავლობაში – 9350 ლარი. ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რა სახის სერვისი შედის ამ უკანასკნელში, Club 71-ში გვპასუხობენ, რომ “სოლო” აბონემენტში მათი მიერ შეთავაზებული ყველა სერვისი შედის, კერძოდ: საცურაო აუზი, თერმული, სპა (საუნები), ფიტნეს-დარბაზი, სპინინგის ველოსიპედები, სტუდიური ვარჯიშები, პირადი მწვრთნელი, საცოცი კედელი, პირსახოცი (2 დიდი, 1 პატარა) ხალათი, პერსონალური კარადა, სოლო VIP გასახდელი, ავტოსადგომი.

ჯინო ფერედაისის” აკვაპარკში, რომელსაც როგორც ღია, ასევე დახურული აუზები აქვს, ერთდღიანი ვიზიტი ზრდასრულებისთვისა და მოსწავლეებისთვის სამუშაო დღეებში 30 ლარი, ხოლო შაბათ-კვირას 40 ლარი ღირს. საოჯახო პაკეტების ღირებულება ვიზიტორების რაოდენობასთან ერთად იცვლება, მაგალითად, საოჯახო პაკეტი ” 2 + 1 ” სამუშაო და უქმე დღეებზე 75 ლარი ღირს. პაკეტი “2+2″ – 90 ლარი, პაკეტი”2+3” -105 ლარი, ხოლო “2+4” – 120 ლარი ღირს. 6 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან