ახალი ამბები

მე პირადად არ ველოდი – გია ვოლსკი პრემიერის გადადგომაზე

13 ივნისი, 2018 • 1469
მე პირადად არ ველოდი – გია ვოლსკი პრემიერის გადადგომაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის თქმით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა მისთვის მოულოდნელი იყო, რადგან 12 ივნისს გამართულ შეხვედრაზე მთავრობას გარკვეული პერიოდი მისცეს ეკონომიკური ანგარიშის წარსადგენად.

“ძალიან ბევრი შეკითხვა დაისვა გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით. რას ნიშნავდა  UNICEF-ის დოკუმენტი. შეხვედრაზე მხოლოდ ამ დოკუმენტზე მსჯელობა არ ყოფილა. ძალიან ბევრ პოზიტივთან ერთად ლაპარაკი იყო მძიმე პრობლემებზე, რომელიც საქართველოში კონკრეტულ ოჯახებს შეექმნათ. ჩვენ დავსახეთ, რომ უახლოეს პერიოდში მთავრობა წარმოადგენდა თავის ანგარიშს გარკვეულ ღონისძიებებზე, რომელსაც უნდა მოეტანა შედეგები.

ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრმა თავისი შეხედულებით მიიღო ეს გადაწყვეტილება. მართალი გითხრათ, მე ანგარიშს ველოდი- თუ რას ფიქრობენ, როგორი იქნება იმ ცვლილებების ეფექტი, რომელიც ბოლო პერიოდში გატარდა, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია. რამდენად სწორია, ამას ალბათ დრო გვიჩვენებს. მის დღევანდელ ასე სწრაფ გადაწყვეტილებას მე პირადად არ ველოდი,”-განაცხადა გია ვოლსკიმ  ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საუბრისას.

დღეს, 13 ივნისს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა. ქართული მედიასაშუალებების ნაწილი 12 ივნისის დილიდან ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ იგეგმება სამთავრობო ცვლილებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი