“ჩვენ შევარჩევთ ახალ მთავარ პროკურორს!” – აქცია პარლამენტთან გაგრძელდება [ვიდეო]

ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ მოითხოვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის მიერ შეირჩეს ახალი მთავარი პროკურორი, რადგან ისინი ნდობას არ გამოუცხადებენ ხელისუფლების კანდიდატს.

სარალიძეების ოჯახის მხარდამჭერები ამ წუთებში ორთაჭაილიდან რუსთაველის გამზირზე ფეხით მიემართებიან – საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის წინ გაგრძელდება.

აქციაზე თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სარალიძეების ოჯახს სოლიდარობას ასევე უცხადებენ ის ახალგაზრდები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც მაისის შუა რიცხვებში პარლამენტის წინ მკაცრ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებდნენ.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. სარალიძის მშობლები და მხარდამჭერები უკვე რამდენიმე საათია მთავარ პროკურატურასტან იმყოფებიან. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე არ გადადგება, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას და მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეთა დასჯას ითხოვს.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დღეს 31 მაისს გადადგა. მის გადადგომა წინ უძღვოდა სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქცია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.