მერიაში არ ადასტურებენ, რომ კალაძე მხატვრულ ფილმში იღებს მონაწილეობას

“ნეტგაზეთს” თბილისის მერიაში არ დაუდასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კახა კალაძე მხატვრულ ფილმში, სახელწოდებით “დავიწყებული მელოდია” მიიღებს მონაწილეობას. როგორც მერიის პრეს-სამსახურში გვითხრეს, ფილმს მერიის მხარდაჭერა აქვს, თუმცა თავად მერი მასში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კალაძე კომიკური ჟანრის მხატვურლ ფილმში ეპიზოდურ როლს შეასრუებდა, Business Media-ს კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ მიაწოდა.

BMG წერს, რომ  გადაღებებში აქტიურ მონაწილეობას იღებს თბილისის მერია, თავად მერი კახი კალაძე კი ფილმში ახალგაზრდა და ენერგიული მერის როლს შეასრულებს, რომელსაც სხვადასხვა პრობლემის სწრაფი და ეფექტური გადაჭრა შეუძლია. გამოცემა წერს, რომ  ფილმი მდიდარი სლოვაკელი ბიზნესმენის შვილიშვილის შესახებაა, რომელიც მისთვის უცნობ ქვეყანაში – საქართველოში ბაბუის უკანასკნელი სურვილის საიდუმლოს გასარკვევად მიემგზავრება.

“ფილმს ძალიან საინტერესო და სახალისო სიუჟეტი აქვს. ეს პროექტი ჩვენთვის ეკონომიკური და კულტურული კუთხით არის საინტერესო. პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობას, ასევე მნიშვნელოვანია ტურისტული კუთხით, რადგან შერჩეულია საინტერსო ლოკაციები. მერს ძალიან ვგულშემატკივრობთ, რადგან ვიცით, რომ ფილმში ის ეპიზოდურ როლს შეასრულებს”,- განაცხადა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ BM.ge-სთან საუბრისას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.