ეს არ არის ცენზურა – ლევან გოგიჩაიშვილი ინიცირებულ კანონპროექტზე

სამოქალაქო საპროცესო კოდექსსა და კულტურის შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ცენზურა არ წესდება, თუმცა დეპუტატი დაინტერესებულ ადამიანებთან დისკუსიისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

საქართველოში 1997 წლიდან არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც შემოქმედებით ნაწარმოებზე ყადაღის დადება და მისი გავრცელების აკრძალვა შესაძლებელია, როდესაც ეს ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას. თუმცა გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე  იურისტების, გიორგი მშვენიერაძისა [GDI] და გიორგი გოცირიძის (საია) ინფორმაციით, ამ მუხლს პრაქტიკაში არასდროს უმუშავია, რადგან მისი აღსრულების ეფექტური მექანიზმი არ არსებობდა. გოცირიძის თქმით, ამ მუხლის აღსრულების პრეროგატივა სავარაუდოდ კულტურის სამინისტროს ჰქონდა, მაგრამ არასდროს გამოუყენებია.

ამ მოწვევის პარლამენტმა მიიღო კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება და რომლის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტში წერია:

შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს

ცოტა ხნის წინ პარლამენტის წევრებმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და ეკა ბესელიამ პარლამენტში განსახილველად დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც მათი თქმით, ზემოხსენებული საკონსტიტუციო ნორმის კანონმდებლობაში გადმოტანას ითვალისწინებს.

ამ კანონპროექტით სასამართლოს შესაძლოა მიანიჭონ უფლება, რომ განიხილოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს.

კანონპროექტით, ძალაში რჩება 1997 წლიდან არსებული ნორმა, რომლის მიხედვითაც ახლა უკვე სასამართლოს ექნება უფლებამოსილება აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოები, რომელიც აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას და ა.შ.

იურისტები გიორგი გოცირიძე და გიორგი მშვენიერაძე ამ იდეაში საფრთხეს ხედავენ გამოხატვის თავისუფლებისთვის. გიორგი მშვენიერაძის განმარტებით, უკვე არსებული აკრძალვა, რომელიც ვერ ხორციელდებოდა, რადგან მისი აღსრულების მექანიზმი არ იყო ეფექტური, ახლა შესაძლოა რეალობად იქცეს.

“ამ ახალი კანონპროექტით ჩნდება მექანიზმი, რომ სასამართლომ განიხილოს ეს საქმეები და კონსტიტუციისგან განსხვავებით (კონსტიტუციაში მხოლოდ ადამიანის უფლებები წერია) აქ ჩნდება სხვა ჩამონათვალი, სხვა ლეგიტიმური მიზნები, როცა შეიძლება შეიზღუდუოს გამოხატვის თავისუფლება”,- ამბობს მშვენიერაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

გიორგი გოცირიძის განმარტებით, 1997 წლიდან უკვე მოქმედი და ახლად ინიცირებული ჩანაწერიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის პრობლემურია, რადგან ის არ შეიცავს მყისიერი საფრთხის ტესტს. ანუ იურისტის განმარტებით, გამოხატვის თავისუფლება შუღლის გაღვივების მოტივით შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ძალადობის მყისიერ საფრთხეს შეიცავს, ამ შემთხვევაში კი ასეთი დათქმა არც დღეისათვის უკვე მოქმედ და არც ინიცირებულ კანონპროექტში არ გვხვდება. მისივე თქმით, პრობლემურია პორნოგრაფიის პროპაგანდის ნაწილიც, რადგან ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის, რა არის პორნოგრაფიის პროპაგანდა.

მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გამოხატვის თავისუფლებას რაიმე საფრთხე შეიძლება შეექმნას, არ იზიარებს მისი ერთ-ერთი ავტორი ლევან გოგიჩაიშვილი. დეპუტატი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ პირიქით, სტანდარტი ბევრად უფრო მაღლა იწევს, რადგან ამ საკითხზე მსჯელობა ახალი კანონპროექტის მიხედვით სასამართლოს პრეროგატივა ხდება, მაშინ როდესაც დღეს ჯერ კიდევ ძალაშია 1997 წელს მიღებული ნორმა, ეს ნებისმიერმა უწყებამ შეიძლება გააკეთოს. მისი თქმით, მათი კანონპროექტი მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა და კონსტიტუციაში მიღებული ნორმის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს.

ის არ თვლის, რომ ეს არის “მკვდარი ნორმის” გაცოცხლების პროცესი. მიუხედავად ამისა, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, თუ ვინმეს შენიშვნები აქვს ჯერ კიდევ 1997 წელს დამტკიცებულ ჩანაწერთან და არა ახალთან, რადგან აკრძალვის ახალი კრიტერიუმები მას არ დაუწესებია, ის დისკუსიისთვის მზად არის. დეპუტატს ასევე უკვირს, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ იყვნენ ჩუმად უფლებადამცველები ამ ნორმასთან დაკავშირებით, თუ ისინი მასში საფრთხეს ხედავდნენ.

“თუ არსებული ნორმის მიმართ არის პრეტენზია, საუბარია ძველ ნორმაზე, პორნოგრაფია და პროპაგანდა მე ხომ არ დამიწერია, დაინტერესებულ ადამიანებთან, ბუნებრივია, ამ საკითხზე შეიძლება გაიმართოს დისკუსია, ოღონდ ძველ ნორმაზე და არა ახალზე. ახალი ცვლილება არ არის ცენზურა. ეს არის კონსტიტუციური ნორმის გადატანა კანონმდებლობაში.  ტექნიკური საკითხია. აჟიოტაჟი, რომ ეს არის ცენზურა და ა.შ. თითიდან გამოწოვილია”, – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com