კორძაია: ეს ცვლილებები არის სახელმწიფოს მონოპოლია შემოქმედებით თავისუფლებაზე

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი თამარ კორძაია ნეტგაზეთთან ამბობს, რომ კანონპროექტი, რომლითაც სასამართლოს ენიჭება უფლება, კონკრეტულ შემთხვევებში შეზღუდოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, არის ცენზურა, რომელიც აბსურდამდე მიდის.

საქართველოში 1997 წლიდან არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც შემოქმედებით ნაწარმოებზე ყადაღის დადება და მისი გავრცელების აკრძალვა შესაძლებელია, როდესაც ეს ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას.

კანონპროექტით, ძალაში რჩება 1997 წლიდან არსებული ნორმა, თუმცა, უკვე სასამართლოს ექნება უფლებამოსილება, აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოები, რომელიც აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას და ა.შ.

თამარ კორძაია ამბობს, რომ აქამდე ეს ნორმა “მკვდარი” იყო,  ბესელია-გოგიჩაიშვილის მიერ ინიცირებული ცვლილებები სასამართლოსთვის ასეთ საქმეების განხილვის უფლების მიცემის შესახებ კი ამ ნორმას აღსრულების მექანიზმს ანიჭებს.

“ეს იმას ნიშნავს, რომ ნორმა გააცოცხლეს და რეალურად აამოქმედებენ ამ რეგრესულ კანონს,”- გვეუბნება თამარ კორძაია.

კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ მათი მიზანია, არსებული კანონმდებლობა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არსებულ ჩანაწერთან მოიყვანონ შესაბამისობაში. თამარ კორძაია კი მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებას არაფერი აქვს საერთო კონსტიტუციის ჩანაწერთან:

“კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა ამასთან არავითარ კავშირში არ არის იმიტომ, რომ კონსტიტუციაში მხოლოდ წერია, რომ სხვა ადამიანის უფლებას თუ ლახავს, ეს ინდივიდუალური დავის საგანია და ამას არ სჭირდება დაკონკრეტება. მსგავსი ტიპის დავებს იცნობს ევროპის სასამართლო, რომლის გადაწყვეტილებები ჩვენთან სავალდებულო ძალის მქონეა, არავითარი დაკონკრეტება არ არის საჭირო. ეს არის პირდაპირი ცენზურა, რომელიც მიდის აბსურდამდე. რომ გაასაჩივრონ ნებისმიერი მსოფლიო დონის მწერალი, იქნებ ვიღაცას შეურაცხყოფას აყენებს და ვიღაცას იქნებ უელბეკი არ მოსწონს და იჩივლოს სასამართლოში იმიტომ, რომ მის გრძნობებს შეურაცხყოფს და ა.შ. ეს უბრალოდ სამარცხვინოა და დანაშაულია, რასაც ისინი დღეს ჩადიან პარლამენტში, ეს უკვე ნიშნავს, რომ ყველანაირ ზღვარს გასცდნენ და მალე სიზმრების გაკონტროლება მოუნდებათ,”- გვეუბნება თამარ კორძაია.

მაგალითად, კორძაიას თქმით, როდესაც საუბარია პორნოგრაფიის პროპაგანდაზე, ამ საკითხზე ევროსასამართლოს განმარტება უკვე აქვს და დამატებითი დაკონრეტება საჭირო არ არის:

“პორნოგრაფიის პროპაგანდას რომ წერს, აბსოლუტურად არ ესმის, ეს რა არის. იმიტომ, რომ პორნოგრაფია რა არის, განმარტებული აქვს ევროპის სასამართლოს და ამბობს, რომ პორნოგრაფია არის ნაწარმოები, რომელსაც არ აქვს არავითარი შემოქმედებითი ღირებულება და სიტყვა პორნოგრაფიას რომ წერს შემოქმედებითი თავისუფლების შესახებ კანონში, ესე იგი, საერთოდ აზრზე არ ხარ, რა რას ნიშნავს. იმიტომ, რომ ცალსახად მარტივი განმარტება აქვს ევროპის სასამართლოს გაკეთებული, რომ პორნოგრაფიულია ნაწარმოები, რომელსაც არავითარი შემოქმედებითი ღირებულება არ აქვს, რომელშიც არ არის, მაგალითად, ადამიანის მცდელობაც კი ხასიათების აღწერის – ეს განმარტებული აქვს ევროპის სასამართლოს და ამას არ სჭირდება დამატებითი ჩანაწერები საქართველოს კანონმდებლობაში,”- განაცხადა კორძაიამ.

თამარ კორძაიას თქმით, კანონპროექტის მიზანია, რომ თავისუფალი ადამიანები სასამართლოს ძალით შეავიწროვონ:

“ერთადერთი მიზანი არის ის, რომ ვინც არ მოეწონებათ, იმის წინააღმდეგ სარჩელები შეიტანონ, ერთადერთი მიზანია ის, რომ კანონით იქნება თუ მუშტებით იქნება, თავისუფალი ადამიანები შეავიწროვონ ამ ქვეყანაში. გუშინ “მარშის” გამო დაშალეს თავისუფალი ადამიანების აქცია,  დღეს სასამართლოს ძალით უნდათ, რომ სახლში ვინც არის, ისინი სახლში არ გააჩერონ.

შეუძლებელია, საერთოდ, შემოქმედებით თავისუფლებაში ჩარევა…. ძალადობისკენ წაქეზებად არ ითვლება გამოხატული აზრი, ძალადობისკენ წაქეზებად ითვლება უკვე ქმედება, რომელიც აქტიურ ფაზაში გადადის. ძალადობისკენ წაქეზება არის ის, რასაც “მარში” აკეთებდა გუშინწინ, უკვე ფიზიკურად რომ უპირისპირდებოდა პოლიციას და ცდილობდა, მუშტებით შემოჭრილიყო, ეს არის ძალადობისკენ წაქეზება და სწორედ მარშელები უნდა გაეყვანა შინაგან საქმეთა სამინისტოს და არა მშვიდობიანი მოქალაქეები.

ეს ცვლილებები არის სახელმწიფოს აბსოლუტური მონოპოლია შემოქმედებით თავისუფლებაზე. ყოველთვის აღმოჩნდება ხელისუფლების მიერ მართული ადამიანი “მარშელის” სახით თუ ეკა ბესელიას სახით, რომელიც მერე ადგება და სასამართლოში შეიტანს სარჩელს. სასამართლო რადენად დამოუკიდებელია, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით,”- ამბობს თამარ კორძაია.

მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გამოხატვის თავისუფლებას რაიმე საფრთხე შეიძლება შეექმნას, არ იზიარებს მისი ერთ-ერთი ავტორი ლევან გოგიჩაიშვილი. მისი კომენტარი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:

ეს არ არის ცენზურა – ლევან გოგიჩაიშვილი ინიცირებულ კანონპროექტზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი