ახალი ამბები

კონტრაქციის მონაწილეებს სასამართლო 400–500 ლარით აჯარიმებს

14 მაისი, 2018 • 5207
კონტრაქციის მონაწილეებს სასამართლო  400–500 ლარით აჯარიმებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დილიდან იმართება იმ პირთა ადმინისტრაციული საქმეების განხილვა, რომლებიც გუშინ, 13 მაისს, კონტრაქციაში მონაწილეობდნენ და ძალალდობრივი მოწოდებებით გამოდიოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნეონაცისტურ ჯგუფებთან დაკავშირებული 19 პირი დააკავა წვრილმანი ხულოგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით. მათი უმრავლესობა დღეს დილით ხელწერილით გაათავისუფლეს. თუმცა საქალაქო სასამართლომ უკვე განიხილა ოთხი მათგანის საქმე, რომელთაგან სამს 400-400 ლარი ჯარიმა, ერთს კი 500 ლარი დააკისრა. რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, მათი პროცესები დღის განმავლობაში გაიმართება.


12–13 მაისს თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი მართავდა აქციას, სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. ისინი აპროტესტებდნენ ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრას, პოლიციის ძალადობრივ ქმედებებსა და არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკას. მათი თქმით, პოლიციის ქმედებების მიზანი ადამიანთა დაშინება იყო და არა – ნარკოდანაშაულთან ბრძოლა.

მშვიდობიანი აქციის პარალელურად 13 მაისს ნაციონალისტურმა დაჯგუფებებმა გამართეს კონტრაქცია. მათი მოწოდებები ძირითადად ძალადობრივი იყო. ისინი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ძირითადი აქციის მონაწილეებთან მიახლოებასა და მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

საბოლოოდ, 14 მაისს, შუაღამისას, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია  აქციის “ჩვენი თავისუფლებისთვის” მონაწილეებთან მივიდა, ორგანიზატორებთან საუბრის მერე ბოდიში მოიხადა და ახალგაზრდებს დაშლისკენ მოუწოდა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ისინი 19 მაისამდე შეწყვეტენ პროტესტს და ამ დღეებში ხელისუფლებასთან გამართავენ მოლაპარაკებებს ნარკოპოლიტიკის შეცვლასთან და კლუბებში შეჭრისას სამართალდამცავების ქმედებების გამოძიებასთან დაკაშირებით. სწორედ ამ მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული აქციების გაგრძელების საკითხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი