კონკურენციის სააგენტომ, Yandex-ის (იურიდიულად „დელივერი ტექნოლოჯის საქართველო“) საჩივრის საფუძველზე, მზა საკვების ონლაინ პლატფორმების ბაზრის შესწავლა დაიწყო. მომჩივანი Wolt-სა და Glovo-ს კონკურენციის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს.
Yandex-ის განცხადებით, Wolt-სა და Glovo-ს გარკვეულ რესტორნებსა და კვების ობიექტებთან ისეთი შეთანხმებები აქვთ გაფორმებული, რომლებიც მათ სხვა ონლაინ პლატფორმებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას უზღუდავს. მომჩივნის შეფასებით, მსგავსი პრაქტიკა ართულებს ახალი პლატფორმების ბაზარზე შესვლას და შესაძლოა უარყოფითად აისახოს კონკურენციის პირობებზე და აღნიშნულ ქმედებებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაძლო დარღვევად მიიჩნევს.
Wolt და Glovo საქართველოში მზა საკვების პროდუქტის ბაზარზე ყველაზე დიდი საკურიერო კომპანიები არიან, მათ გარდა მიტანის სერვისში Bolt food და რუსული Yandex-ც ოპერირებენ, რომელთა ძირითადი საქმიანობაც ტაქსით მომსახურებაა.
