ივანიშვილი: მედიაში ნეგატიურ ტრენდს ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ უპასუხა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მედიაში ნეგატიურ ტრენდს ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ უპასუხა.


ივანიშვილის აზრით, ქართულ მედიაში დამკვიდრდა სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ფაქტს ახალი ამბის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ ის ნეგატიურ კონტექსტს შეიცავს. ივანიშვილი ფიქრობს, რომ ამ ტენდენციამ საყოველთაო სახე მიიღო, ხელისუფლებამ კი ამ გამოწვევას ვერ უპასუხა:

“ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა ერთგვარი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, ფაქტს ახალი ამბის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ იგი ნეგატიურ კონტექსტს შეიცავს. სამწუხაროდ, ამ ნეგატიურმა ტრენდმა პრაქტიკულად საყოველთაო ხასიათი მიიღო. უნდა აღვნიშნო, რომ ხელისუფლებამაც სათანადოდ ვერ უპასუხა ამ გამოწვევას” – თქვა ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” მე-5 ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, მას შემდეგ, რაც ის პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

ივანიშვილმა ქვეყანაში მედიის თავისუფლებაზე ისაუბრა და თქვა, რომ უამრავ სიკეთესთან ერთად, მედიის თავისუფლების ხარისხის ზრდამ სიცრუისა და პროპაგანდის მანქანის დიდი სიმძლავრით ამუშავება გამოიწვია:

“მედიის თავოსუფლების ხარისხის მკვეთრმა ზრდამ, რაც ჩვენი ხალხის განსაკუთრებული მონაპოვარია და გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას რომ უშუალოდ არსებული ხელისუფლების დამსახურებაა, უამრავ სიკეთესთან ერთად, განაპირობა სიცრუისა და პროპაგანდის მანქანის ძალიან დიდი სიმძლავრით ამუშავება.

რიგი პოლიტიკური პარტიების მართული ტელევიზიებ,ი ტყუილის კონვეიერში ჩართული პოლიტიკოსები და ე.წ. ექსპერტები მიზანდასახულად ნერგავენ უიმედობის, სასოწარკვეთილების და შიშის ატმოსფეროს.

ეს ცარიელი სიმრავლე ცდილობს  დააჯეროს ხალხს, რომ ქვეყანა ინგრევა, ლამის აპოკალიფსი მოახლოვდა და ყოველივე ეს არის ამ ხელისუფლების საქმიანობის შედეგი, რომელიც თითქოს არაფერს აკეთებს მდგომარეობის გამოსასწორებლად.

ცხადია, ეს ბრალდებები არცერთი მეტნაკლებად სანდო და დასაბუთებული არგუმენტით არ არის გამყარებული. თუმცა შეჭირვებული და სიდუხჭირით დაღლილი ადამიანები ამ ოსტატურად შეფუთულ ტყუილებს იყენებენ და გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ, რომ საქართველოში დღეს მიმდინარეობს არნახული საინფორმაციო იერიში ადამიანის ცნობიერებაზე” – თქვა ბიძინა ივანიშვილმა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.