“ის არაა ჩვენი მეფე”- რუსეთში პუტინის წინააღმდეგ აქციები დაგეგმეს

2018 წლის 5 მაისს, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის ოპოზიციამ, კერძოდ, ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ რუსეთის ფედერაციის ათეულობით ქალაქში, ასევე ნიუ-იორკში, პრაღასა და სიეტლში საპროტესტო აქციები, სახელწოდებით “ის არაა ჩვენი მეფე” დააანონსა.

“მშიშარა მოხუც პუტინს ჰგონია, რომ ის მეფეა. ის არაა ჩვენი მეფე ამიტომაც გამოდით 5 მაისს. ჩვენ გავალთ ქვეყნის ქუჩებში მონარქიის, კორუფციის, უთანასწორობის, ცენზურისა და უკანონობის წინააღმდეგ.

ჩვენი მოთხოვნებია: რეალური ბრძოლა მექრთამეობასა და სიღარიბესთან, არჩევნების დაბრუნება ხელისუფლების ყველა დონეზე, ნამდვილი პოლიტიკური კონკურენციის უზრუნველყოფა, ფართომასშტაბიანი სასამართლო რეფორმა, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, მედიისა და ინტერნეტის თავისუფლება, “როსკომნადზორის” [რუსეთში ინტერნეტის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო] გაუქმება, რუსეთის ფედერაციიის კონსტიტუციით გარანტირებული რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვა  საიდუმლო მიმოწერებისა და მშვიდობიანი შეკრებების კუთხით”, – ნათქვამია ალექსეი ნავალნის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 

გამოცემა meduza-ს ცნობით, აქციამდე პოლიციამ ნავალნის მხარდამჭერების დაკავება დაიწყო. ასევე რუსეთის ბევრ ქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, ხელისუფლებამ აქციის ჩატარებაზე თანხმობა არ გასცა.

ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს გაიმართება.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით, ვლადიმერ პუტინმა 76%-ით გაიმარჯვა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი