კვირიკაშვილისა და ლუკაშენკოს შეხვედრა. ფოტო: საქართველოს მთავრობა

“75%-ით რუსი” – ლუკაშენკოს შეფასება კვირიკაშვილის მიმართ და პრემიერის პასუხი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 75%-ით რუსი ადამიანია –  ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა კვირიკაშვილთან შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ პრემიერმა რუსეთზე “თითქმის აცრემლებულმა” დაუწყო საუბარი.

“მაგალითად, საქართველო: პრემიერი, როგორც ჩვენთან კობიაკოვი(ბელარუსის პრემიერ-მინისტრი), თუმცა ჩვენი პრემიერი 100%-ით რუსია, ის[კვირიკაშვილი] კი 75%-ით რუსი ადამიანია. მასთან ერთად მაგიდასთან ვიჯექი და ქართულ ღვინოს ვაგემოვნებდი. ადამიანი გაიხსნა და ლამის აცრემლებული თვალებით დამიწყო საუბარი რუსეთთან მის ურთიერთობაზე. ვინ ესაუბრებოდა მას ასე? ყველაზე მარტივი მოშორებაა. ისინი[საქართველო] უკვე ახდენენ ჯაველინების – თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო იარაღის დემონსტრირებას; ასევეა უკრაინაც. ეს გვინდა? თავად ვართ დამნაშავეები იმაში, რაც პერიმეტრზე ხდება. ამიტომაც გვიხდება ურთიერთობის ნორმალიზება აქაც და იქაც”, – აღნიშნა მან.

დღეს, 28 აპრილს კი, ლუკაშენკოს განცხადებას გიორგი კვირიკაშვილის პრესსამსახური გამოეხმაურა. განცხადების მიხედვით, პრემიერმა ლუკაშენკოსთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას რუსი ბებია ჰყავდა, რუსეთთან კი სხვადასხვა სახის კავშირები არსებობს, თუმცა ორი ქვეყნის ურთიერთობაში გადის წითელი ხაზებიც, ტერიტორიული მთლიანობის სახით.

“როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო რუსულ-ქართულ ურთიერთობებს. ამ კონტექსტში, პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა გულისწყრომა, რომ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ დაუბრუნდა ოჯახს. მაშინ, როდესაც რუსეთს ამის ყველანაირი ბერკეტი გააჩნდა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსი ხალხის მიმართ საქართველოში არავის აქვს აგრესია, ქვეყანაში რუსეთიდან 1.5 მილიონი ტურისტი შემოდის და არანაირი დაპირისპირება არ ხდება. ამავე კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ რუსი ბებია ჰყავდა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ხალხთაშორისი, ჰუმანიტარული და კულტურული კავშირები არსებობს. თუმცა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში არსებობს წითელი ხაზები და ეს არის საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ამ მიმართულებით კი, რუსეთის ხელისუფლება ნაბიჯებს არ დგამს,“ – აღნიშნავს პრესსამსახური.

ალექსანდრე ლუკაშენკო თბილისს 23 მარტს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ის გიორგი კვირიკაშვილთან სამუშაო სადილზეც იმყოფებოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან