მარია ზახაროვა: სომხეთო, რუსეთი მუდამ თქვენთანაა

რუსეთის საგარეო უწყების საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარია ზახაროვა ერევანში გამართულ საპროტესტო აქციასა და სერჟ სერგსიანის გადადგომას ფეისბუკით ეხმაურება. როგორც ის თავის განცხადებაში აღნიშნავს, რუსეთი სომხეთს ყოველთვის დაუჭერს მხარს.

“ერი, რომელსაც აქვს ძალა, ისტორიის ყველაზე რთულ მომენტშიც კი არ გაიყოს და შეინარჩუნოს ურთიერთპატივსიცემა, მიუხედავად კატეგორიული უთანხმოებისა, – დიდებული ერია. სომხეთო, რუსეთი მუდამ შენთანაა!” – წერს ზახაროვა.

  • დღეს, 23 აპრილს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, სერჟ სარგსიანმა, მოქალაქეების 10-დღიანი აქციების შემდეგ თანამდებობა დატოვა.
  • პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს სომხეთის ამჟამინდელი ვიცეპრემიერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარენ კარაპეტიანი ასრულებს.
  • ათწლიანი საპრეზიდენტო მმართველობის შემდეგ სერჟ სარგსიანის უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში დარჩენის საფრთხე სომხეთში პირველად ახალგაზრდების მცირე ჯგუფმა გააპროტესტა.
  • რამდენიმე დღეში სარგსიანი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად უკვე ოფიციალურად დაასახელეს, რასაც ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი აქციებიც მოჰყვა.
  • 16 აპრილის დილიდან ერევანში ოპოზიციამ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო. აქციის მიზანი იყო, რომ 17 აპრილს პარლამენტში დეპუტატებს ვერ შეეღწიათ და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვერ აერჩიათ.
  • 17 აპრილს სომხეთის პოლიციამ ერევნის მთავარ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული სტუდენტების დაკავება დაიწყო.
  • სარგსიანის ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ აქციაში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა. გუშინ, 22 აპრილს მომიტინგეთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.
  • დღეს, 23 აპრილს აქციას სტუდენტების დიდი ნაწილი და ათეულობით ჯარისკაცი შეუერთდა.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან