“სოლიდარობა სომეხ ხალხს” – მხარდამჭერი აქცია თბილისში

თბილისში სომხეთის საელჩოსთან აქცია სახელწოდებით სოლიდარობა სომეხ ხალხს იმართება. დაახლოებით 50 ადამიანმა სომხეთში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტა.

“სოლიდარობას გამოვხატავთ იმის მიმართ, რაც ახლა სომხეთში ხდება. როგორც სტუდენტი, განსაკუთრებით სოლიდარული ვარ სტუდენტების მიმართ”, – ამბობს სტუდენტი ნორიგ გასპარიანი.

„დღეს ჩვენ აბსოლუტურად სპონტანურად შევიკრიბეთ. ზუსტად ორი საათის წინ დავგეგმეთ ეს აქცია რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ სომეხ ხალხს. ისინი უკვე რამდენიმე დღეა სომხეთში მიტინგს ატარებენ. ვიცით, რომ ბევრი ადამიანი დაკავებულია. ჩვენ უბრალოდ გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ მათ”, -ამბობს აქციის მონაწილე ელენე მეჩითოვა.

აქცია სომხეთის საელჩოსთან თბილისში; 22 აპრილის, 2018; ფოტო: მარიამ ვარადაშვილი

აქცია სომხეთის საელჩოსთან თბილისში; 22 აპრილის, 2018; ფოტო: მარიამ ვარადაშვილი

16 აპრილის დილიდან ერევანში ოპოზიციამ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო. აქციის მიზანი იყო, რომ 17 აპრილს პარლამენტში დეპუტატებს ვერ შეეღწიათ და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვერ აერჩიათ. სერჟ სარგსიანი სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს, სომხეთში ფართომასშტაბიანი აქციების ფონზე აირჩიეს. სარგსიანი, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, 2022 წლამდე მთავრობის მეთაური იქნება. საზოგადოება, მათ შორის პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის შეცვლა რეალურად იმის გამო მოხდა, რომ ქვეყნის მთავარ ხელმძღვანელად კვლავ სერჟ სარგსიანი დარჩეს. სწორედ ეს გახდა სომხეთში ფართომასშტაბიანი აქციების მიზეზი.

სომხეთში სერჟ სარგსიანის ხელისუფლებაში დარჩენის წინააღმდეგ ოპოზიციის აქციებზე ერევანში და სომხეთის სხვა ქალაქებში პოლიციამ 200-ზე მეტი მოქალაქე დააკავა, მათ შორის ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც საპროსტესტო აქციებს ხელმძღვანელობდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.