„სიდას“ დირექტორის პოსტზე ზვიად დევდარიანს სალომე ზურაბიშვილი შეცვლის

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე, ზვიად დევდარიანის გადადგომის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი დაინიშნა. სიდას ახალი ხელმძღვანელის არჩევაში ორგანიზაციის პარტნიორი დონორი ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ.

ზვიად დევდარიანი არაერთმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც მან სიდას აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა და სამოქალაქო სექტორს ჩამოშორდა. სიდაში აღმასრულებელი დირექტორის შესარჩევი კონკურს სწორედ ამის შემდეგ გამოცხადდა, ხოლო დღეს ორგანიზაციის გამგეობის წევრებისაგან შემდგარმა კომისიამ ამ თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილი შეარჩია, რომელიც მანამდე სიდას კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი იყო.

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს წესდების მიხედვით, გამგეობის მიერ დანიშნული აღმასრულებელი დირექტორი ორგანიზაციას 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

დირექტორის შერჩევის ღია კონკურსი, რომელიც ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ზვიად დევდარიანის გადადგომის შემდეგ ორგანიზაციის გამგეობამ დანიშნა, 3 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში ოცდაათამდე კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა.

საკონკურსო განაცხადში მითითებული პირობების შესაბამისად წარსადგენი დოკუმენტაციის შესწავლის, შემდეგ მეორე ტურში, ინდივიდუალურ გასაუბრებებში მონაწილეობისთვის შეირჩა 5 კანდიდატი. გასაუბრებების შემდეგ კი გამგეობამ საკუთარი არჩევანი სალომე ზურაბიშვილზე შეაჩერა. საკონკურსო პროცესში, „სიდას“ გამგეობის წევრებთან ერთად, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდნენ ორგანიზაციის პარტნიორი დონორი ორგანიზაციების: „გაეროს ქალთა ორგანიზაციისა“ და „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ წარმომადგენლებიც.

აღმასრულებელი დირექტორი არის “სიდას” აღმასრულებელი ხელმძღვანელი, რომელიც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირია და გამგეობის მიერ დადგენილი წესით განკარგავს ფულად სახსრებსა და მატერიალურ რესურსებს, ხელმძღვანელობს პროექტების განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის პროცესს, ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს ორგანიზაციის დონორებთან და ხელმძღვანელობს ფონდების მოძიების საქმიანობას. “სიდას” აღმასრულებელი დირექტორი ანგარიშვალდებულია ორგანიზაციის გამგეობასთან.

ინფორმაცია სიდას აღმასრულებელ დირექტორზე

სალომე ზურაბიშვილი ორგანიზაციაში 2015 წლის აგვისტოდან მუშაობს. ის ხელმძღვანელობდა სიდას პროექტებს, რომლებიც მიმართულია საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებისკენ. ის ასევე აქტიურად მონაწილეობდა ორგანიზაციისთვის ფონდების მოძიების პროცესში.

სალომეს სპეციალობის სფეროს წარმოადგენს კორპორაციული პასუხისმგებლობა, ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი.

სალომემ მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ადამიანის უფლებებსა და შრომის უფლებებში მიიღო ლუნდის უნივერსიტეტში, შვედეთში, ხოლო ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობის მიმართულებით ქართულ – ამერიკულ უნივერსიტეტში, საქართველოში.

მანამდე სალომე მუშაობდა როგორც საჯარო სექტორში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციაში ადამიანის უფლებების მიმართულებით.

სალომე ზურაბიშვილი, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) აღმასრულებელი დირექტორი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.