ახალი ამბები

ნინო ლომჯარია: ტენდენციად გამოიკვეთა ზეწოლა საარჩევნო კომისიის წევრებზე

15 ოქტომბერი, 2013 • • 995
ნინო ლომჯარია: ტენდენციად გამოიკვეთა ზეწოლა საარჩევნო კომისიის წევრებზე

“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ფიზიკური ანგარისსწორების ფაქტები და ასევე წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების ხელის შეშლის სამი ფაქტი:

 

“სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6 შემთხვევას ჰქონდა ადგილი, აქედან ოთხს- “ქართული ოცნების” კანდიდატის სასარგებლოდ და ორ შემთხვევას- “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის სასარგებლოდ. 

 

მეხუთე შუალედურ ანგარიშში მოცემულია დარღვევები, რომლებიც განხორციელდა არა მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალის, არამედ სხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ.

 

ყველაზე მნიშვნელოვან ტენდენციად გამოიკვეთა ზეწოლა საარჩევნო კომისიის წევრებზე მმართველი ძალის მხრიდან, რათა მათთვის სასურველი კომისიის წევრებით დაეკომპლექტებინათ საუბნო კომისიები. ასევე გამოიკვეთა “ნაციონალური მოძრაობის” კამპანიის ხელის შეშლის მცდელობები, როგორც ტენდენცია” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

 

მისი თქმით, დაფიქსირდა ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, რომელთაგან ერთი დადასტურდა, ხოლო მეორეს ჯერ კიდევ სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ:

 

“დაფიქსირდა ამომრჩეველზე ზეწოლის შემთხვევა. მათ შორის, სოციალურად დაუცველ პირებზე და პედაგოგებზე, რათა მათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიაში. ისევ დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები. კერძოდ, საჯარო მოხელეთა უკანონო მონაწილეობა აგიტაციაში, როგორც მმართველი კოალიციის კანდიდატის, ასევე ნაცმოძრაობის კანდიდატის სასარგებლოდ. ასევე დაფიქსირდა ერთი ფაქტი სკოლაში აგიტაციის, რომელიც ასევე არის უკანონო და ეწინააღმდეგება განათლების შესახებ კანონს”. 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი