ნეტგაზეთი | უსუფაშვილი 2019 წლიდან საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების მომხრეა უსუფაშვილი 2019 წლიდან საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების მომხრეა – Netgazeti
RU | GE  

უსუფაშვილი 2019 წლიდან საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების მომხრეა

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და რესპუბლიკური პარტიის ყოფილი ლიდერი, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი [პრეზიდენტს ნიშნავს პარლამენტი] წესით არჩევის მომხრეა, თუმცა ეს ცვლილება 2019 წლიდან უნდა ამოქმედდეს.

როგორც დავით უსუფაშვილმა ტელეიმედს განუცხადა, გასულ წელს ამ საკითხზე კოალიციის დეპუტატთა ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებას დაჩქარებული წესით მოითხოვდა, ხოლო ნაწილი ამბობდა, რომ ეს ცვლილება კონსტიტუციაში უნდა ჩაწერილიყო შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის:

“შესაძლებელი გახდა კონსესუსის მიღწევა სწორედ ამაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღესაც. მე მომხრე ვიქნებოდი იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაგვეწერა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის [წესის] თაობაზე, ოღონდ ეს ჩანაწერი ამოქმედებულიყო 2019 წლიდან. ანუ, მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ ავირჩევთ პირდაპირი წესით პრეზიდენტს და წავალთ წინ. მე მგონია, რომ ჩვენ და მეც პერსონალურად, რომელსაც ხმის თვალსაზრისით არანაირი გავლენა მაქვს პროცესზე, იმ ადამიანებსაც, ვისაც გავლენა აქვთ კომისიაში, პარლამენტში, მთავრობაში თუ სხვაგან, მგონია, რომ გვმართებს ნაბიჯების გადადგმა ერთმანეთისკენ. ამ ტიპის მოდელი, რაზეც მე ვსაუბრობ, შესაძლოა აღმოჩნდეს შეთანხმების საგანი ბევრ პოლიტიკურ ძალას შორის, ბევრ ლიდერს შორის. ეს ამ თემაზე არასასურველ ვნებათაღელვებს გადაგვატანინებს და სხვა თემებზე ჩაღრმავებას შეგვაძლებინებს,” – განუცხადა ტელეიმედს უსუფაშვილმა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, პოლიტიკური იდეოლოგიითა და მსოფლმხედველობით, 1993 წლიდან მიაჩნია, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს, ხოლო მისი ეს პოზიცია არ უკავშირდება მარგველაშვილთან, სააკაშვილთან ან შევარდნაძესთან პიროვნულ შეუთავსებლობას.

“ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში საპარლამენტო მმართველობა უნდა გაძლიერდეს, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ პრეზიდენტს პარლამენტი დანიშნავს, რის შემდეგაც ამ საკითხზე აქტიურად დაიწყო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ წრეებში განხილვები.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო არჩევნების გზით, თუმცა მისი უფლებამოსილება მკვეთრად შესუსტდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც საქართველო საპრეზიდენტოდან ნახევრად საპარლამენტო მოწყობის მოდელზე გადავიდა.

საპარლამენტო მმართველობის განმტკიცებაზე ასევე საუბრობდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც. მისი თქმით, საჯაროდ არ უნდა აირჩიონ პრეზიდენტი, რომელსაც “ასეთი შეკვეცილი უფლებები აქვს”, რადგან საქართველო, მმართველობის ფორმის მიხედვით, ნახევრად საპარლამენტო რესპუბლიკაა. ივანიშვილის განცხადებით,  პარლამენტმა პრეზიდენტი რომ უნდა დანიშნოს, ამაზე “ყველა შეთანხმებული” იყო კოალიცია “ქართულ ოცნებაში”.

ნეტგაზეთის მიერ ჩატარებული ონლაინ–გამოკითხვით, პრეზიდენტის საყოველთაო წესით არჩევას მკითხველის 81.52%–მა დაუჭირა მხარი, პარლამენტის მიერ დანიშვნას- 16.85%–მა. გამიკითხვის შედეგებით, 1.09%–ფიქრობს, რომ სხვა ფორმით უნდა აირჩეს პრეზიდენტი, ხოლო 0.54%–ს არ აქვს კითხვაზე პასუხი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.