EMC: ნარკოდანაშაულის დავებში 2017 წელს ბრალდებულთა მხოლოდ 1.15% გაამართლეს

ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა/შენახვისთვის (სსკ-ის 260-ე მუხლი) 2017 წელს 1846 პირი გამტყუნდა, ხოლო 16 გამართლდა (1.15%) . აღნიშნული სტატისტიკა “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” (EMC) ანგარიშში “ნარკოტიკული დანაშაულის განხილვა სასამართლოში”  წარადგინა.

როგორც ანგარიშის პრესრელიზში ვკითხულობთ, ნარკოტიკული დანაშაულის გამოძიება და სასამართლო განხილვა კვლავ მნიშვნელოვან გამომწვევად რჩება. სისხლის სამართლის საქმეთა სტატისტიკა მიუთითებს, რომ 2017 წელს, წინა წლებთან შედარებით, გამამართლებელი განაჩენის რიცხვი ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით შედარებით გაზრდილია (2016 წელს ამავე მუხლით გამტყუნდა 1948, ხოლო გამართლდა 8, 0.41%), თუმცა მათი წილი კვლავ მცირეა.

ანგარიშის მოსამზადებლად EMC 2017 წელს გამოტანილი 68 განაჩენი შეისწავლა. ორგანიზაციის თქმით, ანალიზის შედეგად დადგინდა რომ:

  • საზოგადოების მაღალი ინტერესის მქონდე სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოს განმარტებები, გადაწყვეტილების დასაბუთების ხარისხი, არსებითად განსხვავდება ნარკოტიკულ დანაშაულთა მიმართებით არსებულ სხვა განაჩენის დასაბუთების ხარისხისგან;
  • რიგით სისხლის სამართლის საქმეებში, მოსამართლეთა მიერ, საქმეთა ინდივიდუალური შესწავლისა და კონკრეტული გარემოებების/მტკიცებულებების სათანადო ხარისხით შეფასება არ ხდება;
  • სასამართლო უმეტეს შემთხვევაში მოწმე პოლიციელთა ჩვენებების მტკიცებულებით ძალის პრივილეგირებას ახდენს;
  • ნარკოტიკულ დანაშაულთა უმრავლესობაზე გამოძიება იწყება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის წყაროზე საპროკურორო და სასამართლო ზედამხედველობა არ ვრცელდება;
  • ნარკოტიკულ ნივთიერების შეძენის დროისა და ვითარების შესახებ მტკიცებულებათა სიმცირის/არარსებობის მიუხედავად, სასამართლო ნარკოტიკულ ნივთირებას პირის მიერ მეტწილად უკანონოდ შეძენილად მიიჩნევს;
  • ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ჩხრეკის წესი მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა მონაწილეობით ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს საგამოძიებო ორგანოს თვითნებობის შესაძლებლობას გამორიცხავს;
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან