საყდრისთან არსებული მიწის იჯარაზე აუქციონი გიორგი ვაშაძემ 5 მილიონად მოიგო

საყდრისის საბადოს მიმდებარე 16 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ელექტრონული აუქციონი პოლიტიკოსების გამარჯვებით დამთავრდა – მიწაზე წლიური იჯარის უფლება 5 056 320 ლარად გაიყიდა. ეს არის ის თანხა, რომელიც გამარჯვებულმა სუბიექტმა ყოველწლიურად უნდა გადაუხადოს სახელმწიფოს ამ მიწის სარგებლობის სანაცვლოდ. აუქციონში “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაიმარჯვა. სწორედ ის დარეგისტრირდა ონლაინ აუქციონზე შემსყიდველად მას შემდეგ, რაც “დმანისის გადარჩენის ფონდს” აუქციონში მონაწილეობაზე უარი უთხრეს.

“დმანისის გადარჩენის ფონდი” 14-მდე პოლიტიკური პარტიისგან შედგება. ტერიტორიის იჯარით განკარგვის უფლების მოპოვებაზე აუქციონის საწყისი ღირებულება 15 000 ლარი იყო, თუმცა საბოლოო ფასმა 5 მილიონს გადააჭარბა. აუქციონი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და სხვა მონაწილეების მიერ ფასის მომატების შემთხვევაში გიორგი ვაშაძე აუქციონზე მცირედით მომატებულ ფასს აფიქსირდება. სწორედ ასე გაიზარდა თანხა 15 000 ლარიდან 5 მილიონამდე.

როგორც პოლიტიკური პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, “დმანისის გადარჩენის ფონდის” გარდა, აუქციონში  კიდევ ორი დაინტერესებული პირი მონაწილეობდა. ერთი კომპანია არის “არ ემ ჯი”, მეორე კი, სავარაუდოდ, მასთან დაკავშირებული კომპანიაა.

ჯერ კიდევ აუქციონის დამთავრებამდე ვაშაძე ამბობდა, რომ “დმანისის გადარჩენის ფონდი” ტერიტორიას არ დათმობდა და მათი მიზანი საბოლოო ფასის დაფიქსირება იყო. მისივე განმარტებით, შემდგომი ნაბიჯები აუქციონის შემდეგ გადაწყდება.

თუ გამარჯვებული მხარე აუქციონის ბოლოს დაფიქსირებულ თანხას არ გადაიხდის, მას საგარანტიო თნხის – 3 750 ლარის გადახდა მოუწევს.

“დმანისის გადარჩენის ფონდში” აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ნაკვეთი  მდებარეობს იმ ტერიტორიაზე, სადაც ოქროს მომპოვებელი კომპანია “არემჯი გოლდი”  სამთო სამუშაოებს აწარმოებს, რაც, მათი თქმით,  ცხადყოფს, რომ აუქციონი მხოლოდ მისთვის გამოცხადდა.

მათივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე  “არ ემ ჯი გოლდი”  ე.წ. ციანიდის მოედნების გაფართოებას გეგმავს. აქედან გამომდინარე, საყდრისის კომიტეტის წევრები ამბობდნენ, რომ კომპანიის საქმიანობის თუნდაც ერთი ჰექტრით გაფართოება დაბინძურების ახალი წყაროს გაჩენასა და კიდევ უფრო მეტ დაავადებულ ადამიანს ნიშნავს და აუქციონის გაუქმებას მოითხოვდნენ.

იმისათვის, რომ ტერიტორიის იჯარით განკარგვის უფლება “არ ემ ჯის” არ მოეპოვებინა, პოლიტიკური პარტიები “დმანისის გადარჩენის ფონდის” ფარგლებში გაერთიანდნენ და აუქციონში ჩაერთვნენ.

ამის საპასუხოდ, კომპანიაში ამბობდნენ, რომ აუქციონზე გამოტანილ 16 ჰა მიწის ნაკვეთზე კომპანია ამ ეტაპზე არავითარ სამუშოებს არ აწარმოებს და ეს ფართი ფუჭი ქანების განსათავსებლად სჭირდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.