მერია “სითი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტისთვის პირგასამტეხლოს გადახდას არ აპირებს

“სითი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მერია პირგასამტეხლოს გადახდას არ აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განუცხადა.

როგორც ხმალაძე განმარტავს, კანონმდებლობის მიხედვით, საჯარიმო თანხას რომელიმე მხარე იხდის იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება უსაფუძვლოდ წყდება, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ მომხდარა.

კომპანიამ ხელშეკრულებით დაკისრებული პირობები დაარღვია, ასევე, საზოგადოებრივი ინტერესები და უფლებები შელახა, სწორედ აქედან გადმომინარე მივიღეთ აღნიშნული გადაწყვიტლება. არ გვაქვს იმის დრო, კომპანიას ვასწავლოთ, რომ მოქალაქეების წინაშე დაკისრებულ ვალდებულებებს შესრულება სჭირდება. კომპანიას, რომელსაც  არ ესმის, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევით მოქალაქეების უფლებები ირღვევა, ჩვენ მასთან საქმე არ გვაქვს,”- განმარტავს ირაკლი ხმალაძე.

მისივე თქმით, კომპანიამ არ შეასრულა ერთადერთი პირობა, რაც საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობდა, მათ შორისაა საპარკინგე ზოლების დახაზვა, საპარკინგე ნიშნების დაყენება და შშმ პირებისთვის საპარკინგე სივრცის მოწყობა.

“დაალხოებით 30% საპარკინგე სივრცეების არის მოუწესრიგებელი,” – განაცხადა ხმალაძემ.

მისივე თქმით, შესაძლოა, თავად “სითი პარკს” დაეკისროს გარკვეული პასუხისმგებლობა 1,5 მლნ ლარის ოდენობით, თუმცა ამასთან დაკავშირებით დამატებითი სამართლებრივი პროცედურებია გასატარებელი, რომელიც ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყება.

როგორც ირაკლი ხმალაძე განმარტავს, მერიის გადაწყვეტილებას გავლენა არ ექნება უკვე გამოწერილ ჯარიმებზე

“ჯარიმების გადახდა მოუწევთ იმათ, ვისაც ის დაკისრებული ჰქონდა, თუ ეს ჯარიმა არასამართლიანად არ არის გამოწერილი, რასაც სამწუხაროდ, ხშირად ჰქონდა ადგილი ამ კომპანიის მხრიდან,” – აღნიშნავს მერის მოადგილე.

მისივე თქმით, ხელშეკრულება 2024 წლის 31 დეკემბრამდე იყო დადებული, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ “სითი პარკი” აღნიშნული გადაწყვეტილების გამო სასამართლოში იჩივლებს, მერია დარწმუნებულია, რომ “დავა ცუდად არ დასრულდება.”

ირაკლი ხმალაძის თქმით, კომპანიის შემოსავლების 40%-ს მერია იღებდა, დანარჩენს კი “სითი პარკი” იტოვებდა. მერის მოადგილემ ასევე განმარტა, რომ დარწმუნებით არ იცის, რა ბედი ელით კომაპნიის ამჟამინდელ თანამშრომლებს, თუმცა იქვე დასძინა, რომ ახალ საპარკინგე სისტემაში ქალაქს გამოცდილი თანამშრომლები დასჭირდება.

თბილისის მერმა კახა კალაძემ 13 მარტის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ “სითი პარკთან” ხელშეკრულება მიმდინარე წლის 10 აპრილიდან გაწყდება.

“სითი პარკში” კი აცხადებენ, რომ ხელშეკრულების გაწყვეტისთვის თბილისის მერიას სასამართლოსა და საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან